
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში, ყირიმ-კონგოს ცხელებით 35 წლამდე კაცი გარდაიცვალა. იგი ინფექციურ საავადმყოფოში 6 ივნისის შემდეგ მკურნალობდა. წელს ასპინძის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს ცხელებით გარდაცვალების უკვე მეორე ფაქტი დაფიქსირდა.
ასპინძის ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, პაციენტს ყირიმ-კონგოს ცხელება 6 ივნისს დაუდასტურდა და გუშინ, 10 ივნისს გარდაიცვალა. 35 წლამდე მამაკაცია, რომელიც ინფექციურ პათოლოგიის ცენტრში გადიოდა მკურნალობას, - განუცხადეს "სამხრეთის კარიბჭეს" ცენტრში.
ასპინძის მუნიციპალიტეტში ყირიმ-კონგოს ლაბორატორიულად დადასტურებელი წელს მესამე შემთხვევაა. გასულ აპრილში სოფელ რუსთავში ყირიმ-კონგო 70 წლამდე კაცს დაუდასტურდა. იგი თავს კარგად გრძნობს. მაისში კი სოფელ რუსთავში 50 წლამდე ქალი დაავადდა, რომელიც ორკვირიანი მკურნალობის შემდეგ გარდაიცვალა.
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამცხე–ჯავახეთში მსხვილფეხა საქონლის სპეციალური პრეპარატით დამუშავება დაიწყო. მათივე განმარტებით, ადამიანების დაავადების 80%-ზე მეტი ჩვენს რეგიონში ფიქსირდება
ადამიანებში ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელება დაავადებულ ტკიპასთან კონტაქტის (კბენა, გაჭყლეტილ ტკიპასთან შეხება) შემდგომ 1-9 დღეში ვლინდება. დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა. კანქვეშ და ნაკბენის მიდამოებში ჩნდება სისხლჩაქცევები და ვითარდება სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან.
დაავადების სიმპტომები მოულოდნელი შემცივნებით იწყება. სხეულის ტემპერატურა 39-40°С–მდე იწევს, იწყება კუნთებისა და თავის ტკივილით, ღებინებით, დიარეით. დაავადება ადამიანებში მძიმედ მიმდინარეობს და, დროული მკურნალობის ჩატარების გარეშე, შეიძლება, სიკვდილით დასრულდეს.
მაღალი რისკის ქვეშ ძირითადად ფერმერები, მწყემსები და ვეტერინარები არიან; ასევე – პირები, რომლებიც ახლო კონტაქტში არიან ყირიმ–კონგოს ჰემორაგიული ცხელებით დაავადებულ ადამიანებთან.
ამავე დაავადებას 2023 წელს ემსხვერპლა ექიმი ახალციხეში. 2022 წელს გარდაცვალების ორი შემთხვევა დაფიქსირდა საკირეში და ადიგენში.
202o წელს ახალქალაქში 23 წლის ახალგაზრდა დაიღუპა. 2019 წელს ასპინძაში 30 წლის კაცი გარდაიცვალა.
სამხრეთის კარიბჭე