რეზონანსი
17.06.2025

ყველა სტრუქტურა თავიდან ბოლომდე მორჩილებაშია ივანიშვილთან და ამ მოცემულობით, დღეს, ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არის პირველ რიგში, საკუთარი თავის ღალატი და იმ ადამიანების ღალატი, ვინც ამ ბრძოლის შედეგად საპყრობილეში მოხვდნენ, - ამის შესახებ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ბოტკოველმა „პალიტრანიუსის" გადაცემა „დღის ნიუსრუმში" განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ლელო/ძლიერი საქართველოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას, რომ „რუსული რეჟიმისგან ქვეყნის დეოკუპაცია თბილისიდან უნდა დაიწყოს" და მზადაა „ყველა კომპრომისისთვის ერთიანი პლატფორმის შესაქმნელად, თუ საჭიროა ახალი ნომრით, საერთო სიით და ერთიანი ძლიერი კანდიდატით".

ბოტკოველის თქმით, „ჩვენ თავიდან ბოლომდე ვიმყოფებით ერთი მაფიოზი კაცის, ერთი რუსი ოლიგარქის მიერ კონტროლირებად პროცესში და არ არსებობს პოლიტიკური პარტიის მხრიდან საკუთარი ამომრჩევლისგან მიცემული ხმის დაცვის მექანიზმი".

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი აღნიშნავს, რომ ყველა პოლიტიკური პარტია ერთად უნდა დასხდეს და იზრუნოს იმაზე, როგორ არ შედგეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები.

„რაც უფრო მეტად აქტიური იქნება პროტესტი, მით უფრო, ყოველდღიურად დაზიანდება „ქართული ოცნების" მდგომარეობა და ნელ-ნელა გამოეცლება სადავეები, რომლითაც ცდილობს, ადამიანები ციხეში გაუშვას, დააშინოს. ამიტომ ჩვენთვის მოტივატორი უნდა იყოს ყველა პოლიტიკოსის თუ პარტნიორი სახელმწიფოს განცხადება და ამან უფრო მეტად უნდა გაგვიმყაროს პოზიციები, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ წინააღმდეგობაში და არა მორჩილებაში ივანიშვილის რეჟიმთან. ამიტომ მთავარი, რაც დღეს ყველამ ერთად უნდა გავაკეთოთ, არის ერთიანობა. ყველა პოლიტიკური პარტია უნდა დავსხდეთ ერთად და ვიზრუნოთ იმაზე, როგორ არ შედგეს ის ადგილობრივი არჩევნები, რომლის ჩატარება და ამით ლეგიტიმაციის საკუთარ თავზე მინიჭება უნდა ბიძინა ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. რა თქმა უნდა, მთავარი გეგმა არის ერთი რამ - ყველა საკუთარ თავთან იყოს მართალი, რომელშიც ყველა ერთად ვიმყოფებით. ამიტომ ყველა პოლიტიკოსმა, ყველა პოლიტიკურმა პარტიამ უნდა ვიფიქროთ იმაზე, რომ პირველ რიგში, ქვეყანაა გადასარჩენი და არა საკუთარი პოლიტიკური პარტია," - განაცხადა ბოტკოველმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×