რეზონანსი
18.06.2025

შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში დღეს მზია ამაღლობელის საქმეზე და მედიის თავისუფლების შესახებ დაგეგმილ დებატებსა და ალტერნატიული რეზოლუციის პროექტს გამოეხმაურა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ალტერნატიული რეზოლუცია საღ აზრს წარმოადგენს და მისასალმებელია.

„ეს არის ის, რაც გვინდა ვიხილოთ ევროკავშირში - საღი აზრი, იმ ძალების გაძლიერება, რომლებიც საღ აზრსა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების ელემენტარულ, საბაზისო გაგებაზე მოქმედებენ. კარგია, რომ სულ უფრო ძლიერდება ასეთი პოლიტიკური წარმომადგენლობა ევროპარლამენტში. ზუსტად ასეთი ევროკავშირისკენ ვიყურებით ჩვენ და არა იმ ანტიქართული ჯგუფებისკენ, რომლებიც ებრძვიან საქართველოს და ცდილობენ გამოიყენონ საქართველო ინსტრუმენტად საკუთარი შიშების დასაძლევად“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

მან ასევე შეაფასა ევროპარლამენტარების ნაწილის პერფორმანსი, რომელიც დღეს ევროპარლამენტის შენობაში გაიმართა.

„ამ დღეებში იყო საუბარი, რომ ამ რეზოლუციების განხილვამდე აპირებდნენ რაღაც პერფორმანსის ჩატარებას ევროპარლამენტის შენობაში და გასაგები იყო, რომ აპირებდნენ ზოგიერთი მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტის ფოტოებით დადგომას. ძალიან ველოდებოდი ამ პერფორმანსს. მათი ფანტაზია ძირითადად ესაა - ფოტოებს ამობეჭდავენ, დგანან და გვახსოვს ყველას, სააკაშვილის გათავისუფლებას როგორ ითხოვდნენ ასეთი პერფორმანსით. ველოდებოდი ამ მომენტს და ვფიქრობდი, რომ როგორც კი დავინახავდი ფოტოს, რომელზეც იქნებოდა მორიგ ჯერზე მოწოდება რომელიმე სისხლის სამართლის საქმის ფიგურანტის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, ავიღებდი ამ ფოტოს, ავიღებდი ძველ ფოტოს, სადაც Free Misha [„გაათავისუფლეთ მიშა“] ეწერა, ერთად დავაწებებდი და დავდებდი Facebook-ზე. და რა ნახა ჩემმა თვალებმა? არც კი დამჭირდა ეს. ვნახე პერფორმანსი, სადაც პირდაპირ სააკაშვილი, მელია - ყველა ადამიანი ერთ ქვაბში ჰყავთ მოხარშული. აი ეს აჩვენებს, საერთო ჯამში ვისთან გვაქვს საქმე. სირცხვილია, როდესაც ანტიქართული პოლიტიკა ტარდება ევროპარლამენტის კედლებში. ეს არის სირცხვილი ევროპის, სირცხვილი ბრიუსელის, როდესაც ანტიქართულ პოლიტიკას ეთმობა პლატფორმა ამ მნიშვნელოვან ინსტიტუციაში“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×