
„20 ივნისს ისეთი ნაბიჯები იყო გადადგმული, რომელიც ნამდვილად არ შეესაბამებოდა საქართველოს ინტერესებს," - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალა" თავმჯდომარის მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი საუბრობს. მისი თქმით, დროებით საგამოძიებო კომისიის სხდომაზე კითხვები დაისვა 20 ივნისთან დაკავშირებით, თუმცა, გიორგი გახარიას მხრიდან არადამაკმაყოფილებელი პასუხები გაიცა.
„20 ივნისთან დაკავშირებით, მართალია ჩვენ გვქონდა კითხვები კომისიაზე და პასუხები იყო არადამაკმაყოფილებელი გახარიას მხრიდან. მაგრამ, ფაქტი რჩება ფაქტად, სამწუხაროდ. 20 ივნისს ისეთი ნაბიჯები იყო გადადგმული, რომელიც ნამდვილად არ შეესაბამებოდა საქართველოს ინტერესებს. მაგალითად, პოლიცია რატომ იყო ჭიშკრის გარეთ პირდაპირ რადიკალური აქციის მონაწილეებთან და არა ჭიშკრის შიგნით. ბევრი ფაქტი იყო, ვინ გასცა ბრძანება დღემდე გახარია ამას არ ამბობს. თავიდან ამბობს, რომ მე ვიღებ ჩემს თავზე ყველაფერსო და შემდეგ, კომისიაზე უარყო, არც მე და არც ჩემს მოადგილეებს არ გაგვიცია ეს ბრძანებაო. ანუ, პრაქტიკულად, გამოვიდა, რომ პოლიციელებს შეაწმინდა ხელი. ასე, რომ ამ კითხვებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, პასუხები არის საჭირო," - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.
დღეს 20 ივნისია. 2019 წლის მოვლენებიდან ზუსტად 6 წელი გავიდა. დედაქალაქის მთავარ გამზირზე, აქციის დაშლის დროს, 240 ადამიანი დაშავდა, მათ შორის იყვნენ ჟურნალისტებიც. საქმეზე გადაწყვეტილება 2024 წლის მაისში გამოიტანა ევროპულმა სასამართლომ, რომელმაც რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება. რაიმე შენიშვნა არ გამოთქმულა საქართველოს კანონმდებლობასთან, მანიფესტაციებთან და საჭიროების შემთხვევაში, პოლიციის მიერ ძალის გამოყენებასთან დაკავშირებით.
გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ სახელმწიფოს ჰქონდა უფლება, გამოეყენებინა სპეციალური საშუალებები და ძალა, რადგან მანიფესტაციამ მიიღო ძალადობრივი სახე, თუმცა ევროპულ სასამართლოს ჰქონდა მითითება და შენიშვნა რამდენად შეეძლო შინაგან საქმეთა სამინისტროს მაშინდელ ხელმძღვანელობას ოპერაციის დაგეგმვა ისე, რომ ზიანი არ დამდგარიყო ან ის მინიმალიზებული ყოფილიყო.