რეზონანსი
23.06.2025

 კენჭი უყარეს და გიორგი გახარიას დამატებითი დრო მისცეს. კომისიის სხდომაზე მის გამოცხადებას ახლა უკვე 2 ივლისს ელოდებიან. გახარიას საკუთარ მიზეზთან ერთად საკუთარი პირობაც ჰქონდა - დისტანციურად ჩართვა, რაზეც უარი ეთქვა. კომისიის წევრებისთვის ქვეყნის გარეთ მყოფი ექსპრემიერის პოზიცია გაუგებარი აღმოჩნდა.

გახარია პირობას არ ცვლის - შეთავაზებიდან მალევე ექსპრემიერის პარტიაში განაცხადეს, რომ მათი ლიდერი საქართველოში არც 2 ივლისს იქნება. მიზეზად საქმიანი შეხვედრები დაასახელეს.

კომისიის წევრები განმარტავენ, რომ გიორგი გახარიას მოსმენას საგამონაკლისო წესი არ ეხება. უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ჩორჩანას ეპიზოდთან დაკავშირებით კითხვებს გაურბის, რადგან პასუხები არ აქვს.

ადგილობრივები პროკურატურაში დღესაც გამოიკითხნენ. სოფელ წაღვლის მოსახლეებმა საგამოძიებო უწყებაში გაიხსენეს, რომ ტყით, რომლითაც 2019 წლამდე შეუფერხებლად სარგებლობდნენ, დღეს ვეღარც კი უახლოვდებიან.

პრემიერ-მინისტრის შეფასებით, კომისიაზე გახარიას გამოუცხადებლობა მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ ის საკუთარ გადაწყვეტილებას არგუმენტებით ვერ ამართლებს. მათ შორის ვერც იმას, თუ რატომ არ შეათანხმა საგუშაგოს გახსნა უსაფრთხოების სამსახურსა და საერთაშორისო მისიებთან. "ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ ჩორჩანას ეპიზოდის გარდა, კითხვებს გიორგი გახარიას სხვა ბევრი ქმედებაც აჩენს.

საბოტაჟი, დამამძიმებელ გარემოებაში საბოტაჟის მცდელობა, უცხოეთის ორგანიზაციისათვის და უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარება და საქართველოს კონსტიტუციური წყობილების და ეროვნული უშიშროების საფუძვლების წინააღმდეგ მიმართული საქმიანობისთვის ფინანსების მობილიზება - ჩორჩანას ეპიზოდი სწორედ ამ საქმის ერთ-ერთი ნაწილია. პროკურატურის პარალელურად, საკითხს სწავლობს საგამოძიებო კომისიაც, სადაც გიორგი გახარია კიდევ ერთხელ დაიბარეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×