
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე, ამერიკის შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტმა ჟურნალისტის შეკითხვას კითხვითვე უპასუხა. მას შემდეგ, რაც დონალდ ტრამპის მიერ დაანონსებული მშვიდობა ზუსტად 3 საათი გაგრძელდა, თეთრი სახლის ლიდერმა, სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში დაადანაშაულა ირანიც და ისრაელიც. თუმცა, ბრაზი განსაკუთრებით შტატების სტრატეგიული პარტნიორის მიმართ გამოხატა.
რაკეტები ირანიდან ჩრდილოეთ ისრაელის მიმართულებით ნამდვილად რომ გაისროლეს, ამას ადასტურებს ისლამური სახელმწიფოც. ოფიციალური თეირანის განცხადებით, ეს ქმედება "ცაჰალის" მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის დარღვევაზე პასუხი იყო.
ისრაელმა ორი ბალისტიკური რაკეტა მალევე გაანეიტრალა. ვერცერთმა მათგანმა დანიშნულების ადგილს ვერ მიაღწია. თუმცა, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა პირობა დადო, რომ მომხდარს რეაგირების გარეშე არ დატოვებდა. მალევე, "ცაჰალმა" ირანში რადიოლოკაციურ სადგურს დაარტყა. მიმდინარე მოვლენების ფონზე, განცხადება გააკეთა ისრაელის პრეზიდენტმაც.
სანამ ისააკ ჰერცოგი დონალდ ტრამპს მადლობას უხდის, აიათოლა ალი ხამენეიმ ისრაელსა და ირანს შორის მიმდინარე შეიარაღებულ კონფლიქტში თეირანი გამარჯვებულად გამოაცხადა და დედაქალაქის ქუჩებში მასშტაბურ საზეიმო ღონისძიებაც გამართა.
ვიდრე მხარეები შეთანხმდებიან გააგრძელონ თუ არა სამშვიდობო შეთანხმება, მსოფლიო ლიდერების მოთხოვნა ირანისადმი კვლავ უცვლელი რჩება. ისლამური რესპუბლიკა უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას და ბირთვულ პროგრამასა და ამბიციებზე უარი ერთხელ და სამუდამოდ თქვას.
გაუღებენ თუ არა მხარეები დიპლომატიას კარს კიდევ ერთხელ, ჯერჯერობით, უცნობია. ახლო აღმოსავლეთში 13 ივნისს დაწყებული სამხედრო ესკალაცია დღემდე ნაწილობრივ გრძელდება. ირანი და ისრაელი ერთმანეთს რამდენიმე საათის წინ მიღწეული სამშვიდობო შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.