
პოლიტიკურად მოტივირებული დევნა და ქართულ სახელმწიფოზე თავდასხმა - ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებებს, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის შეჩერებასა და სანქციების გაზრდის შესახებ. შალვა პაპუაშვილისთვის, შემაშფოთებელი და მიუღებელია, უსაფუძვლო შეტევები განსაკუთრებით ბრიუსელის მხრიდან, რომელიც ევროკავშირის საბიუჯეტო თანხებს პროპაგანდის, ექსტრემიზმის, სიძულვილის კამპანიისა და დემოკრატიული ინსტიტუტების დაზიანებისთვის ხარჯავს.
ბრიუსელში, ევროკავშირის წევრი, 27 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ქართველი მოსამართლეებისა და ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის სანქციების გაზრდაზე გუშინ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, თუმცა ითქვა, რომ აქტიურად იმუშავებენ შეზღუდვების დაწესებასა და უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხზე, მათ შორის საქართველოსთვის კონკრეტული პირობების დაწესებაზე.
ევროპელი დიპლომატების დამოკიდებულებას იზიარებენ და სამართლიანად მიიჩნევენ ქართულ ოპოზიციაში.
ევროპელი ბიუროკრატების მხრიდან მიზანმიმართულ შანტაჟსა და მუქარაზე საუბრობს მმართველი გუნდი. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ საქართველო აგრესიის ობიექტი, მას შემდეგ გახდა, რაც უარი თქვა ომში ჩართვასა და სანქციების დაწესებაზე.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები, ბრიუსელში გუშინ, ევროპული საბჭოს სხდომაზე შეიკრიბნენ.