რეზონანსი
27.06.2025

მახსოვს, სულ რაღაც ორი-სამი წლის წინ, უცხოელები, მათ შორის დიპლომატები, რომელთაც არავითარი შეხება არ შეიძლება ჰქონდეთ კანონმდებლობასთან და კანონშემოქმედებასთან, როგორ ისხდნენ პირდაპირ მაგიდის გარშემო და ჩვენთან ერთად, ხშირად კი ჩვენი გვერდის ავლით კანონებს წერდნენ და თავს გვახვევდნენ მას, - ეს განცხადება პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა.

კობახიძემ დღეს რამდენჯერმე აღნიშნა, რომ „ვიღაცამ ჩათვალა, სახელმწიფო დასუსტებული იყო და ასე შეიძლება მოქცეოდნენ მას".

კობახიძემ დიპლომატების მართლმსაჯულების პროცესში ჩარევაზეც ისაუბრა.

„ჩვენ ვხედავდით მცდელობას, რომ გარედან სახელმწიფო ინსტიტუტები დაესუსტებინათ და ეს ყველაფერი ფარული დაფინანსებით გაეკეთებინათ.

გარე ფარული დაფინანსებით ცდილობდნენ შეერყიათ ჩვენი ეკლესიის რეპუტაცია, აფინანსებდნენ ლგბტ პროპაგანდას, პოლიტიკურ აქციებს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისგან ფარულად ხდებოდა.

რატომღაც გადაწყვიტეს, რომ ეს ყველაფერი გაუვიდოდათ და ეს ყველაფერი შესაძლებელი იქნებოდა.

გახსოვთ, მაგალითად, სასამართლოს დამოუკიდებლობაში პირდაპირი უხეში ჩარევა. არაერთი ჩარევა იყო, მაგრამ მინდა ერთი კონკრეტული ფაქტი გაგახსენოთ, როდესაც ჩვენი მართლმსაჯულების სისტემის კონკრეტული მოსამართლე ერთ-ერთი საელჩოს წარმომადგენელმა დაიბარა და კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით ანგარიში მოსთხოვა. მან პირდაპირ დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია, დაარღვია ვენის კონვენცია და ფეხქვეშ გათელა სამართლის და დიპლომატიური ურთიერთობების ყველა პრინციპი. ამის შემდეგ ამ საქმეზე გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომაც გამოიტანა და მან ქართველი მოსამართლის გადაწყვეტილება თავიდან ბოლომდე სამართლიანად ცნოს, თუმცა ბოდიში არავის მოუხდია. ვიღაცამ ჩათვალა, რომ ქართულ სახელმწიფოს ასე შეიძლება მოეპყროს.

ჩათვალეს, რომ სახელმწიფო დასუსტებული იყო და ჩვენ სახელმწიფოებრიობას, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობას ასე უდიერად ეპყრობოდნენ", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×