რეზონანსი
27.06.2025

მადლობა საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას ღირებული საქმიანობისთვის, განსაკუთრებით თეა წულუკიანს, კომისიის მუშაობა უნდა დასრულდეს შესაბამისი შედეგით, ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა გაისიგრძეგანოს, რომ კრიმინალების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლისას, დეპუტატების კითხვების საპასუხოდ განაცხადა.

კობახიძის თქმით, საქართველო არის ღირსეული სახელმწიფო, სადაც პოლიტიკაში უნდა იყვნენ წარმოდგენილი არა კრიმინალები, არამედ პატრიოტები.

„გვახსოვს, რა რეჟიმი მოქმედებდა საქართველოში 2012 წლამდე, თავიდან ბოლომდე კრიმინალზე იდგა რეჟიმი. ადამიანზე ზრუნვა არ იყო არავითარი პრიორიტეტი, პირიქით, ადამიანის ღირსების ხელყოფა მათი ხელწერის ერთ-ერთი უმთავრესი შტრიხი იყო. 2012 წლის შემდეგ სწორედ ეს მიდგომა შეიცვალა ფუნდამენტურად. კიდევ ერთხელ შეშფოთებით უნდა გავიხსენოთ, რომ ვიღაც-ვიღაცებს ქვეყნის გარედან სურდათ ასეთი ადამიანების დაბრუნება ხელისუფლებაში. პირდაპირი წინასაარჩევნო, სააგიტაციო განცხადებებიც კეთდებოდა ამასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ვინც არ უნდა ურჩიოს ქვეყნის გარედან თუ შიგნიდან, ქართველ ხალხს ვერავინ აიძულებს, ხელისუფლებაში დააბრუნოს კრიმინალები, ეს აბსოლუტურად დაუშვებელია. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ჩართულია უშუალოდ საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობაში, განსაკუთრებით ქალბატონ თეა წულუკიანს, რომელიც არის კომისიის ხელმძღვანელი. ძალიან მნიშვნელოვანი პროცესი წარიმართა საქართველოს პარლამენტში. ფართო საზოგადოებას ხშირად შეიძლება, ავიწყდებოდეს ის დანაშაულები, რომლებიც თავის დროზე იქნა ჩადენილი, ჩვენც კი, ვინც უშუალოდ ვართ ჩართული პოლიტიკურ პროცესში, შეიძლება, ემოციურ დონეზე მაინც გვავიწყდებოდეს ის დანაშაულები, იმ დანაშაულების მასშტაბი, რასაც ადგილი ჰქონდა 2012 წლამდე. აქედან გამომდინარე, ძალიან მნიშვნელოვანი იყო და არის ის პროცესი, რომელიც წარიმართა და წარიმართება საგამოძიებო კომისიაში. ვფიქრობ, კომისიის მუშაობა უნდა დასრულდეს შესაბამისი შედეგით, ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა გაისიგრძეგანოს, რომ კრიმინალების ადგილი ქართულ პოლიტიკაში არ არის. ეს არის ღირსეული ქართული სახელმწიფო, სადაც პოლიტიკაში უნდა იყვნენ წარმოდგენილი არა კრიმინალები, არამედ პატრიოტები. კიდევ ერთხელ მადლობა საგამოძიებო კომისიას ძალიან ღირებული საქმიანობისთვის", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×