რეზონანსი
28.06.2025

შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ აბსოლუტურად ყველა ინდექსით ჩვენ ვუსწრებთ ყველა კანდიდატ წევრ ქვეყანას და ძალიან ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ვუსწრებთ ევროკავშირისა და ნატოს მოქმედ წევრ ქვეყნებს, - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

მან კომენტარი გააკეთა „ატლანტიკური საბჭოს" მიერ გამოქვეყნებულ თავისუფლების და კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსებთან დაკავშირებით.

„ჩვენ მოწინავე პოზიციებზე ვართ არა მხოლოდ ევროპის, არამედ მსოფლიო მასშტაბით. ჩვენი მოქალაქეები ამას აკვირდებიან, რა იყო 12 წლის წინ და რა ხდება 12 წლის თავზე ქვეყანაში, როდესაც არის სრული თავისუფლება - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება; როდესაც ბიზნესია აბსოლუტურად თავისუფალი; თუ როგორი მოპყრობაა ციხეებში პატიმრების მიმართ და ასე შემდეგ. ყველაფერი არის კარდინალურად, 180 გრადუსითა შეცვლილი. ნებისმიერი ინდექსი, რომელიც ბოლო ერთი წლის - წელიწადნახევრის განმავლობაში ქვეყნდება, და რომელიც დაკავშირებულია დემოკრატიასთან, კანონის უზენაესობასთან და ასე შემდეგ, აბსოლუტურად ყველა ინდექსში საქართველო მოწინავე პოზიციებზეა და შევახსენებ ჩვენს საზოგადოებას, რომ აბსოლუტურად ყველა ინდექსით ჩვენ ვუსწრებთ ყველა კანდიდატ წევრ ქვეყანას და ძალიან ხშირ შემთხვევაში, ჩვენ ვუსწრებთ ევროკავშირისა და ნატოს მოქმედ წევრ ქვეყნებს", - აღნიშნა მაჭავარიანმა.

„ატლანტიკურმა საბჭომ" თავისუფლების და კეთილდღეობის 2025 წლის ინდექსები გამოაქვეყნა. თავისუფლების ინდექსით საქართველოს ზომიერი თავისუფლების, ხოლო კეთილდღეობის ინდექსით ზომიერი კეთილდღეობის მქონე ქვეყნის სტატუსი აქვს.

ორგანიზაციამ საქართველო მსოფლიოს ხანგძლივი პროგრესის მქონე ქვეყნებს შორის დაასახელა. კეთილდღეობის ინდექსის 12-წლიანი გაუმჯობესებით (2013-2024) საქართველო მსოფლიოში პირველ ადგილზეა, ამასთან საქართველოს კეთილდღეობის ინდექსში ისტორიული მაქსიმუმი დაუფიქსირდა - შეფასების 100%-იანი სისტემით - 75,5%. გარდა ამისა, საქართველო „ძლიერი პოლიტიკური თავისუფლების მქონე მუდმივი დემოკრატიის" კატეგორიაში მოხვდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×