
ყველა ინდექსით, რომელსაც მსოფლიო ავტორიტეტული ორგანიზაციები აქვეყნებენ, ჩვენი ქვეყანა არის წარმატებული, ის უსწრებს ბევრ წამყვან, დემოკრატიულ ქვეყანას ევროკავშირსა და მსოფლიოში, - განუცხადა ჟურნალისტებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა „ატლანტიკური საბჭოს“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, საქართველო მსოფლიოს ხანგრძლივი პროგრესის მქონე ქვეყნებს შორის დასახელდა.
დავით მათიკაშვილის თქმით, პროგრესი არის აშკარა, რომლის არდანახვა შეუძლებელია, თუკი, ადამიანს მოვლენების ობიექტური აღქმა აქვს.
„აბსოლუტურად ყველა მიმართულებით, საქართველოს აქვს კარდინალური ცვლილებები 2012 წელთან მიმართებით. ეს მთელმა მსოფლიომ კარგად იცის და დროა, გაიგონ საქართველოში მოქმედმა რადიკალებმა, მათმა მხარდამჭერებმა და პატრონებმა ქვეყნის ფარგლებს გარეთ“, - აღნიშნა დავით მათიკაშვილმა.