რეზონანსი
28.06.2025

ქართული საპარლამენტო დელეგაცია პორტუგალიაში იმყოფება, სადაც ყოველწლიური ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომა უნდა გაიმართოს. წელს ამ შეკრების მასპინძელი პორტუა. ხვალიდან ასამბლეის ფარგლებში სესიები გაიმართება, წლევანდელი ღონისძიების თემაა მშვიდობისა და დემოკრატიის შენარჩუნება.

როგორც „ქრონიკას“ ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილმა განუცხადა, წლევანდელი საპარლამენტო ასამბლეა რამდენიმე რამით არის გამორჩეული.

„ავირჩევთ ხელმძღვანელ პირებს, პრეზიდენტს, ვიცე-პრეზიდენტებს, კომიტეტების თავმჯდომარეებს. გვექნება შესაძლებლობა მიმოვიხილოთ ისეთი თემები, რომლებიც დღეს ევროპისთვის და მსოფლიოსთვის არის აქტუალური. საუბარია კონფლიქტებზე, საუბარია დემოკრატიებზე, საუბარია ეკონომიკურ გამოწვევებზე და საუბარია გარემოსთან დაკავშირებულ თემატიკაზე. 50 წელი სრულდება ჰელსინკის აქტის პირველადი დაფუძნებიდან და ამიტომ, მნიშვნელოვანია 50 წელი გავაანალიზოთ, ვნახოთ რა გზა გაიარა ევროპამ მსოფლიო უსაფრთხოების თვალსაზრისით, რა გამოწვევების წინაშეა.

ჩვენთვის ეს ასამბლეა, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ ჩვენ ვხედავთ, იარაღი, რაც ჩვენ გვაქვს, საერთაშორისო სამართალი, ირღვევა მათ შორის, დიდი სახელმწიფოების მხრიდან. ამიტომ, ჩვენი მთავარი გზავნილი ამ სამიტზე იქნება ის, რომ იმისთვის, რათა მსოფლიო იყოს მშვიდობიანი და უსაფრთხო, საერთაშორისო სამართალი უნდა იყოს დაცული. დაცული როგორც დიდი, ასევე პატარა სახელმწიფოების მხრიდან. ამიტომ, თუ ჩვენ გვინდა მსოფლიოში მშვიდობა და უსაფრთხოება, აუცილებლად ყველამ პატივი უნდა სცეს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს“, - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×