რეზონანსი
02.07.2025

ხარაგაულის ორ სოფელში - ხემაღალსა და ღვერკში დაახლოებით ორი კვირის წინ მიწას ნაპრალები გაუჩნდა და გზები დაიბზარა. ადგილობრივი მოსახლეობა წუხს, რომ ნაპრალების ზომაც და რაოდენობაც დღითიდღე მატულობს. ოჯახების ნაწილი გაასახლეს, დარჩენილები ამბობენ, რომ ღამით შიშით იძინებენ.

სოფელ ღვერკში მცხოვრები თამარ გოგბერაშვილის სახლი ისე დაზიანდა, რომ მის ხუთსულიან ოჯახს ევაკუაცია მოუწია - ახლობელს შეაფარეს თავი. ნაპრალი ჯერ სახლის ეზოში გაჩნდა - ერთ ღამეში კი სახლის ქვეშ გაიარა და იქაურობა საცხოვრებლად საშიში გახადა.

ღვერკის ახლოს, სოფელ ხემაღალში ცხოვრობს რუსო ლონდარიძის ოჯახი. მის სახლს მეწყრული ზონიდან დაახლოებით 50 მეტრი აშორებს. ჯერ საფრთხე არ გვემუქრება, თუმცა ყველაფერი შეიძლება წამებში შეიცვალოსო.

სოფლის ქვემო უბნიდან ოჯახების ნაწილი უკვე ევაკუირებულია.

„გვეშინია ცხადია, ვფრთხილობთ, ხალხი სახლებში აღარ ათენებს, სოფელში წყაროებიც დაიკარგა, მოსახლეობის ნაწილს სასმელი წყალიც არა აქვთ. მესამე კვირაა ასეა და ჯერ ეს ნაპრალები მხოლოდ მატულობს. გზის ნახევარი აღარ არსებობს და ამიტომ, შემოვლითი გზით დავდივართ... გეოლოგები ყოველდღე დადიან და ამოწმებენ. თუ ახალი ბზარები გაჩნდა, მაშინვე ვურეკავთ. ღამით სულ შიშში ვართ“, - ჰყვება სოფლის მკვიდრი.

“ამ პროცესს რაღა შეაჩერებს” - წერს სოფელ ღვერკის გვერდითა სოფელში - სარგვეში მცხოვრები ქეთევან ცისკაძეც, რომელიც ზესტაფონამდე ღვერკის გზის გავლით მიდიოდა ხოლმე.

“მეწყრული ზონა ჩემი სახლიდან სამ კილომეტრშია”, - ამბობს ის.

დაბა ხარაგაულის მერიაში ამბობენ, რომ მეწყრული პროცესი მოულოდნელად განვითარდა და ჯერ არ იციან რამ გამოიწვია, რა მასშტაბისაა და რა საფრთხის შემცველი. ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილი ამბობს, პასუხი ამ კითხვებს გეოლოგებმა უნდა გასცენო.

ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ ვარლამ ჭიპაშვილმა რადიო "თავისუფლებას" უთხრა, რომ ის ოჯახები, რომელთა სახლებიც გეოლოგებმა სახიფათოდ მიიჩნიეს, უკვე გაიყვანეს სტიქიის ზონიდან.

მასაც ვკითხეთ, მისთვის თუ არის ცნობილი რა გახდა მეწყრული პროცესის გააქტიურების მიზეზი და რამდენად სახიფათოა ახლა ამ სოფლებში დარჩენა, თუმცა, ვარლამ ჭიპაშვილმაც გეოლოგებთან გადაგვამისამართა - ახლაც ადგილზე რჩებიანო.

რადიო "თავისუფლება"

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×