
2008 წელს ჩვეულებრივად მოძრაობდა კოდორის ხეობაში ხალხი, ნებისმიერი შევიდოდა, ვინც ფორმირებაში ნამყოფი არ იყო მაშინ, მაგრამ შემდეგ ხელის შეშლა დაიწყო. კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტი (კუდ-ი) გვიშლიდა ხელს, აწყობდნენ ბევრ პროვოკაციას, - ამის შესახებ კოდორის ხეობის მკვიდრმა, თორნიკე გერლიანმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
გერლიანის თქმით, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტმა ხეობისკენ წასული ადგილობრივების შესაშინებლად მოაწყო სროლა.
„ერთხელ ჩვენ შევდიოდით და ჩვენს შესაშინებლად მოაწყვეს სროლა, თითქოს, ორმხრივი სროლა არისო. კუდ-ის ჯგუფი წავიდა წინ, ჭუბერში იყვნენ დისლოცირებულები, 10-15 კაცი განლაგდა რაღაც სიშორეზე და დაიწყეს ჰაერში სროლა. კოდორის ხეობაში რომ მივდიოდით, ვიცოდით, რომ არაფერი ხდებოდა. გვითხრეს, ჯგუფია გადმოსული, მოხდა საცეცხლე კონტაქტი, უკან დაბრუნდით, თორემ აგიყვანენ, ჩაგხოცავენო. ასეთი რაღაცები კეთდებოდა, სპექტაკლებს დგამდნენ. ეს მოხდა ორმელეთის ხეობაში, ვიდრე უღელტეხილზე ავიდოდით, მაგრამ მაინც მივედით ბოლომდე. სამწუხაროდ, მარტო ჩვენები დაგვხვდნენ, სხვა არავინ იყო. არც უღელტეხილზე იდგნენ რუსები და საკენში რომ ჩახვიდოდი, შემდეგ იყო მათი საგუშაგო, მანამდე კაციშვილი არ იდგა 2008 წელს. შემდეგ, როცა დაიწყო პროვოკაციები, დაამატეს საგუშაგოები და გააძლიერეს დაცვა. მანამდე პრობლემა არ იყო, საკენში ჩავდიოდით, იქ იყო საგუშაგო და მანქანებს ამოწმებდნენ უბრალოდ, იარაღი ხომ არ იყო და დოკუმენტაციას კითხულობდნენ", - განაცხადა თორნიკე გერლიანმა.
ამასთან, გერლიანმა ისაუბრა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს კოდორის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე და აღნიშნა, რომ 11 აგვისტოს დატოვა მოსახლეობამ ხეობა, ხოლო ორ დღეში ეს ადგილი ოკუპანტებმა დაიკავეს, რომლებსაც სამხედროების პირადი მონაცემები დახვდათ დატოვებული.
„2008 წლის 11 აგვისტოს რომ გამოვედით, უკვე 13 აგვისტოს შევიდა ოკუპანტის ძალები. ის ორი დღე არავინ შესულა. შემდეგ ადგილობრივმა მოსახლეობამ დაიწყო უპრობლემოდ შესვლა, რამდენიმე დაბრუნდა, დაახლოებით 16-17 აგვისტოს შედიოდა მოსახლეობა, მანქანებითაც შევიდნენ, არანაირი პრობლემა არ ჰქონდათ, მაგრამ აფხაზეთში ჩვენ ძალიან ბევრი ახლობელი გვყავს, ერთად გაზრდილები ვართ, ძალიან ბევრს ჰყავს დედა ქართველი, ბევრი ქართველი ცხოვრობს მანდ და დარეკეს იქიდან, გაგვაფრთხილეს, რომელიმე თუ ხართ ნამყოფი რომელიმე სამხედრო დანაყოფში, პოლიციაში ან სამხედრო ფორმირებაში, კაციშვილმა შემოსვლა არ გაბედოთო. ყველას სიები დახვდათ აქ და ყველას სიები იციანო, დაგიძახებენ, რომ ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ნელ-ნელა დაიწყება დაკავებებიო. ეს გაფრთხილება მივიღეთ და ამის შემდეგ, ვინც იყო ნამყოფი „მონადირეში", თუნდაც 2006-2007 წლებში, ან 2008-წელს, არავინ შევიდა კოდორის ხეობაში, ფაქტობრივად, გადაურჩნენ ეს მებრძოლები იქაურ დაკავებებს", - აღნიშნა თორნიკე გერლიანმა.
გერლიანის თქმით, ინტერნეტშიც მოიძებნება მასალა, როგორ გამოაქვთ ჩხალთის პოლიციის შენობიდან ქართველი სამხედროების პირადი მონაცემები.
„ყველაფერი დატოვეს, არანაირი განადგურება არ ყოფილა, როგორც იყო სამუშაო მაგიდებში, ისე დატოვეს სიები და რიგითი ჯარისკაციდან დაწყებული, ბოლომდე, ყველას სია ჰქონდათ. იარაღთან, ტყვია-წამალთან და ტექნიკასთან ერთად, იქ დარჩა ყველანაირი სია. ჩვენ ეს ვიცით იმათგან, ვინც ჩვენი ახლობლები არიან. გვითხრეს, შემოსვლა არავინ გაბედოს, ვისაც ფორმა ეცვაო. კადრებიც არის მაგათი, როგორ შედიან ოთახებში 2008 წელს, ინტერნეტში, „იუთუბზე" არის, როგორ გამოაქვთ სიები ჩხალთის პოლიციის შენობიდან და ერთი-ორი პოლიციელის მოწმობაც დაურთეს, ეტყობა, დარჩათ. იარაღიც ხომ დარჩათ, იარაღი პირდაპირ ქუჩაში ეყარა. ძალიან ბევრი საწვავი იყო სოფელ აჟარაში. ადგილობრივებიც მუშაობდნენ იქ ტრაქტორებზე და ამბობდნენ, რომ 30 ავზისთვის გაკეთდა თხრილები და ეს ავზები თითო იყო, თუ არ ვცდები, 30-ტონიანი. 30-ტონიანი 30 ავზი მარტო აჟარაში დარჩა. თუ არ ვცდები, ასეთი სამი ლოკაცია იყო: გენწვიშში, აჟარასა და ტიშში, სადაც თავდაცვის ძალები იდგა", - განაცხადა თორნიკე გერლიანმა.