რეზონანსი
02.07.2025

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი მიხაილ ევდოკიმოვი დაიბარეს.

საგარეო უწყების ცნობით, მინისტრის მოადგილესთან, არაზ აზიმოვთან შეხვედრაზე რუსეთის მხარეს გადასცეს საპროტესტო ნოტა არამეგობრულ ქმედებებთან დაკავშირებით, რომლებიც ორი ქვეყნის ურთიერთობებს აზარალებს.

ელჩთან შეხვედრაზე აზერბაიჯანულმა მხარემ ღრმა შეშფოთება გამოთქვა 27 ივნისს ეკატერინბურგში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით, რა დროსაც რუსეთის სამართალდამცავი ორგანოების უკანონო ქმედებების შედეგად, იმ სახლებში რეიდების დროს, სადაც აზერბაიჯანელები ცხოვრობენ, დაიღუპა აზერბაიჯანის ორი მოქალაქე, რამდენიმემ კი, სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო. აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ რუსეთის განმარტებები მომხდართან დაკავშირებით ეწინააღმდეგება ექსპერტიზის დასკვნებს და გარდაცვლილთა სხეულებზე ძალადობის კვალის არსებობას.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ რუსულ მედიაში აღნიშნულ რეიდებთან დაკავშირებით შეინიშნება ეთნიკური შეუწყნარებლობის გამოვლინება, ხოლო აზერბაიჯანელების მიმართ ისეთი ფრაზების გამოყენება, როგორიცაა „ეთნიკური დანაშაულებრივი დაჯგუფება“ მიუღებელია.

როგორც აზერბაიჯანის საგარეო უწყების განცხადებაშია ნათქვამი, აზერბაიჯანი რუსული მხარისგან ელოდება კანონის დარღვევების ყოვლისმომცველ და ობიექტურ გამოძიებას და დამნაშავეების პასუხისგებაში მიცემას. ასევე ხაზგასმულია, რომ აზერბაიჯანის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ შეიძლება, ჩაითვალოს რუსეთის შიდა საქმეებში ჩარევად.

ამასთან, აზერბაიჯანი რუსული მხარის განცხადებებს „სპუტნიკ აზერბაიჯანის“ ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით უსაფუძვლოდ მიიჩნევს და აღნიშნავს, რომ ეს ზომები განხორციელდა აზერბაიჯანის რესპუბლიკის კანონმდებლობის სრული დაცვით და ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო მიუღებლად მიიჩნევს რეალური ვითარების დამახინჯების მცდელობებს, ასევე აზერბაიჯანის წინააღმდეგ დეზინფორმაციულ კამპანიას, რომელსაც რუსეთის ოფიციალური პირების და მედია ეწევა რუსეთის საჰაერო სივრცეში გასული წლის ბოლოს Azerbaijan Airlines-ის კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ. აზერბაიჯანი რუსეთის ამ ტრაგედიის სრულ და გამჭვირვალე გამოძიებას, დამნაშავეების დადგენას და დასჯას, ასევე დაზარალებულთათვის კომპენსაციების გადახდას ელოდება. აღნიშნულ ნაბიჯებს ბაქო განიხილავს როგორც უკიდურესად მნიშვნელოვანს ორმხრივ ურთიერთობებში ნეგატიური ატმოსფეროს აღმოსაფხვრელად.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×