რეზონანსი
02.07.2025

შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე და მიღება საელჩოში, რომელსაც რობინ დანიგანი ელჩის სტატუსით ბოლოჯერ მასპინძლობს. თბილისში, საქართველო-ამერიკის მეგობრობის 29 ნომერში, დღეს მთავრობის წევრები, მმართველი პარტიისა და ოპოზიციის ლიდერები, სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად შეიკრიბნენ.

მოისმინეს უკვე პენსიაზე გასული ელჩის მიმართვაც, რომელმაც აქცენტები - დემოკრატიაზე, ქართულ-ამერიკულ პარტნიორობასა და ოპტიმიზმზე გააკეთა. რობინ დანიგანმა მადლობა გადაუხადა USAID-საც, რომელიც დღეს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა დახურულად გამოაცხადა და მსოფლიოს მასშტაბით არასამთავრობო ორგანიზაციების ინტერესების გატარებაში დაადანაშაულა.

"დემოკრატიის აყვავებისთვის სამი არსებითი ელემენტია საჭირო. დაპირება, ვალდებულება და ოპტიმიზმი. მჯერა, რომ დემოკრატიის დაპირება ერთ-ერთი მძიმე კავშირთაგანია, რომელიც აშშ-სა ქართველებს გვაერთიანებს. სწორედ ამიტომ, აშშ იყო და არის საქართველოს ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი. ზოგიერთისგან მსმენია, რომ თითქოს ქართულ-ამერიკული პარტნიორობა მხოლოდ სახელია, თუმცა ვფიქრობ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. თავისუფლებების შენარჩუნების ფასი რეალურია. როგორც ჩვენმა ვიცე პრეზიდენტმა თქვა - თქვენ ვერ მოიპოვებთ დემოკრატიულ მანდატს თქვენი ოპონენტების გაჩუმებით ან მათი ციხეში ჩასმით. ასევე, მას ვერ მოიპოვებთ თქვენი ძირითადი ამომრჩევლის იგნორირებით ისეთ საკითხებზე, როგორიც არის ის თუ ვინ უნდა იყოს ჩვენი საერთო საზოგადოების ნაწილი. მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი დემოკრატიის მიმართ აშშ-ში და აქ, საქართველოში. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო საელჩოსა და ჩვენს USAID-ის გუნდს, მადლიერებით აღვნიშნო თქვენი დანატოვარი ამ ქვეყანაში. მე და ჩემმა მეუღლემ, ჰარიმ 33 წლიანი დიპლომატიური სამსახურის შემდეგ, კარიერის დასრულება გადავწყვიტეთ და ვტოვებთ ამ საოცარ ქვეყანას. გვსურს მოგიწვიოთ სადღეგრძელოზე. გაუმარჯოს დემოკრატიის დაპირების ძალას, ჩვენს ვალდებულებას მის დასაცავად და ჩვენს ოპტიმიზმს, რომ წარმატებას მივაღწევთ", - განაცხადა რობინ დანიგანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×