საგარეო ურთიერთობათა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის გუშინდელ სხდომაზე გენერალური მდივნისა და შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებებს აფასებს.
მისი თქმით, ბევრი ადამიანისთვის ნათელი ხდება, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა საქართველოში.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეუთოს გენერალური მდივნის განცხადება, რომელმაც თქვა, რომ ოპოზიცია, რომელსაც ხმების 40%-ზე მეტი აქვს მიღებული, უნდა იჯდეს პარლამენტში და პარლამენტში უნდა მუშაობდეს.
ასევე მინდა, გამოვეხმაურო შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელის განცხადებას, რომელიც თვითონ იყო არჩევნებზე ჩამოსული. მან საჯაროდ, ასამბლეის სხდომაზე თქვა, რომ „როდესაც მეორე დილით დამკვირვებლები შევიკრიბეთ იმისთვის, რომ განგვეხილა, როგორ ჩატარდა არჩევნები, ყველა ამბობდა, რომ არჩევნები ჩატარდა ძალიან კარგად".
ამ მხრივ ძალიან ბევრი ადამიანისთვის ნათელი ხდება, თუ რა პროცესები მიმდინარეობდა საქართველოში", - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ეუთოს გენმდივანმა გუშინდელ სხომაზე განაცხადა: „ოდირმა დაწერა ანგარიში, სადაც წერია, რომ არჩევების შედეგები ასახავდა ამომრჩეველთა ნებას. საქართველოს პარლამენტში ოპოზიციას გქონდეს 40%-იანი წარმომადგენლობა და არ იყენებდე, ნიშნავს, რომ უსამართლოდ ეპყრობი ამომრჩეველს".
განცხადება გააკეთა შვეიცარიის დელეგაციის ხელმძღვანელმაც. დანიელ ფესლერმა განაცხადა: „არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის წევრი ვიყავი. არჩევნების მეორე დღეს დამკვირვებლები შევიკრიბეთ და დავასკვენით, რომ არჩევნები იდეალურად იყო ორგანიზებული და არანაირი დარღვევა არ მომხდარა".