
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ძალიან მკაცრი დასკვნა არის კიდევ ერთი განცდილი კრახი „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ საერთაშორისო ასპარეზზე , - ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, რითაც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დოკუმენტს ეხმაურება.
გრიგოლ გეგელიას თქმით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დასკვნა მოუწოდებს „ქართული ოცნებას“, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ.
,,ეს არის დასკვნა, რომელიც სრულიად მკაფიოდ, შავით თეთრზე მოუწოდებს „ქართული ოცნების“ რუსულ რეჟიმს, ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნისკენ, რომელიც უნდა ჩატარდეს თავისუფალ პირობებში და რომელიც ამბობს, რომ 2024 წლის 26 ოქტომბრის პროცესი და შედეგები ვერ იქნება აღქმული, როგორც დემოკრატიული პროცესი და შესაბამისად, ამბობს, რომ ეს არ იყო ლეგიტიმური არჩევნები, რომელიც ტარდება დემოკრატიულ სახელმწიფოებში“, - განაცხადა გრიგოლ გეგელიამ.
ცნობისთვის, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებული „პორტოს დეკლარაცია და რეზოლუციები“ საქართველოს შესახებ რეზოლუციასაც მოიცავს სახელწოდებით „რეზოლუცია საქართველოში დემოკრატიისა და ეუთოს ღირებულებების მხარდაჭერის შესახებ“.