
რამდენიმე საათის წინ რუსთავში ავარია მოხდა - ავტომობილი მოულოდნელად ტროტუარზე შევარდა, იქ მდგომ ახალგაზრდა კაცს დაეჯახა, შემდეგ კი აფთიაქში შევარდა.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, მას მცირე მოტეხილობა აღენიშნება.
მანქანაში ორი ახალგაზრდა იჯდა. მძღოლი იმავე კორპუსში ცხოვრობს, სადაც პირველ სართულზე აფთიაქია გახსნილი. ახალგაზრდა მამაკაცს ბავშვობიდან ეპილეფსიის დიაგნოზი აქვს და როგორც თავად მძღოლმა თქვა, მას იმ დროს შეტევა დაემართა, რაც ავარიის მიზეზი გახდა.
ავარია თოდრიას ქუჩაზე მოხდა. მსუბუქი ავტომობილი ჯერ ტროტუარზე მდგომ ბიჭს შეეჯახა, შემდეგ კი "ავერსის" სააფთიაქო ქსელის ფილიალში შევარდა.
დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, არ დაშავებულან მანქანაში მსხდომნი და არც აფთიაქის თანამშრომლები. დაზიანებულია აფთიაქის ინფრასტრუქტურა.