
უმძიმესი დანაშაულის შესახებ ცნობილი გუშინ გახდა. გაირკვა, რომ 9 პირმა არასრულწლოვანი მოტყუებით წაიყვანეს მიტოვებულ შენობაში და მასზე ყველა მეთოდით იძალადეს. დაკავებულები ე.წ. "ფაშისტური" იდეოლოგიის ჯგუფის წევრები არიან. წარსულში არსებული სიტყვიერი შელაპარაკების საფუძველზე, არასრულწლოვანი წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, მოტყუებით მიიყვანეს თბილისის ერთ-ერთ მიტოვებულ ადგილას.
"ბრალდებულებმა დაზარალებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, დანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე და დაჩოქილს ცივი იარაღით სხეულის სხვადასხვა არეში მიაყენეს დაზიანებები, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა.
ასევე, დაზარალებული აიძულეს პისტოლეტებისა და დანის გამოყენების მუქარით ღირსების შემლახველი ქმედებებით, დაჩოქილ მდგომარეობაში მყოფს, მობილური ტელეფონის ვიდეოზარით ბოდიში მოეხადა დაჯგუფების ე.წ. ლიდერისათვის. დაზარალებულის ღირსების შემლახველი ქმედებების ამსახველი ვიდეო ბრალდებულებმა მობილური ტელეფონით გადაიღეს და ატვირთეს სოციალურ ქსელში. აღნიშნული ქმედებით დაზარალებულმა განიცადა როგორც ძლიერი ფიზიკური და ფსიქიკური ტკივილი, ასევე მორალური ტანჯვა" - ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.
დაზარალებულია 15 წლის ა.ხ. ცნობილი ხდება დანაშაულის უმძიმესი დეტალები. სოციალურ მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მოზარდს წამების კვალი ნათლად ეტყობა.
"დანით დასერეს, ძალის გამოყენებით დააჩოქეს, გააშიშვლეს მთლიანად, მიუხედავად იმისა რომ სთხოვდა არ გაეშიშვლებინათ. ამ დროს 15 წლის ბავშვს ყელზე დანა ჰქონდა მიბჯენილი და სხვა გზა არ ჰქონდა. იხტუნავეს მის თავზე და იარაღით აშინებდნენ. თითებზე ჩამოაცვეს პ***რვატივი და გადაუღეს ვიდეო, პოლიციას თუ მიმართავდა გაუვრცელებდნენ" - წერს ბიჭის ახლობელი.
სასტიკად ნაცემი ბიჭის ადვოკატმა რადიო "თავისუფლებას" უთხრა, რომ ბავშვთან დალაპარაკება, მხოლოდ რამდენიმე დღის გასვლის შემდეგ შეძლო.
"დანით აქვს დასერილი სხეული. არის სასტიკად ნაცემი. განსაკუთრებით ურტყეს სახესა და თავში. ოჯახი კატეგორიული წინააღმდეგია, რომ დეტალებზე ვისაუბრო. არსებობს უმძიმესი კადრები და დიდი იმედი მაქვს, რომ ეს კადრები საქმეზე მტკიცებულებებად იქნება დართული“.
9 დაკავებულიდან 7 არასრულწლოვანია. მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 ტერცია მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და „ზ“ ქცვეპუნქტებით (პირის დამცირება, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენება, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს და მორალურ ტანჯვას აყენებს, ჩადენილი ჯგუფურად და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ambebi.ge