რეზონანსი
09.07.2025

არ არსებობს SWIFT-დან ქართული საფინანსო სისტემის გათიშვის საფუძველი, - ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში. აქვე აღნიშნულია, რომ საქართველოს ფინანსური სისტემა გამორჩეულად გამჭვირვალეა და მზარდია ინვესტორების ნდობა მის მიმართ.

„საქართველოს საბანკო-საფინანსო სექტორი განუხრელად იცავს როგორც ქართულ კანონმდებლობას, ასევე საერთაშორისო სანქციების რეჟიმებს. სებ-ის მიერ როგორც ადგილზე, ასევე დისტანციური ზედამხედველობის ფარგლებში, უწყვეტად ხორციელდება შესაბამისი ზედამხედველობის პროცესიც.

საქართველოს საბანკო-საფინანსო სექტორის სანქციების რეჟიმებთან სრულ შესაბამისობას დადებითად აფასებენ ჩვენი უცხოელი პარტნიორები. მაღალია ფულის გათეთრების აღკვეთის კუთხით საერთაშორისო სტანდარტებთან საფინანსო სექტორის შესაბამისობის დონე, რაც ასევე დასტურდება ევროპის საბჭოს ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) შეფასებებით. ასევე, პერმანენტულად დადებით შეფასებას იმსახურებს სებ-ის ძალისხმევა საფინანსო სისტემის და კანონმდებლობის ევრო რეგულაციებთან დაახლოების კუთხითაც.

სისტემა გამორჩეულად გამჭვირვალეა და შესაბამისად, მზარდია ინვესტორების ნდობა მის მიმართ.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გვინდა აღვნიშნოთ, რომ არ არსებობს მსოფლიო ბანკთაშორისი საფინანსო ტელეკომუნიკაციების საზოგადოებიდან (SWIFT) ქართული საფინანსო სისტემის გათიშვის საფუძველი", - აცხადებს საქართველოს ეროვნული ბანკი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×