
„რუსეთის მოქალაქეებისთვის სომხეთში შესვლის აკრძალვას არამეგობრულ ნაბიჯად მივიჩნევთ, რომელიც რუსეთ-სომხეთის თანამშრომლობის მოკავშირეობრივ ხასიათს ეწინააღმდეგება. ჩვენ არაერთხელ მოვუწოდეთ ჩვენს სომეხ პარტნიორებს, შეწყვიტონ ეს მანკიერი პრაქტიკა“ | განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მარია ზახაროვამ დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მან აღნიშნა, რომ ეს საკითხი საგარეო საქმეთა სამინისტროების ხელმძღვანელებმა მაისში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, სომხეთში ვიზიტის დროს განიხილეს.
"სომხურ მხარეს (საკითხის მოსაგვარებლად) კონკრეტული ნაბიჯები შესთავაზეს, ამიტომ ერევნის რეაგირებას ველოდებით" - თქვა ზახაროვამ.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბოლო პერიოდში სომხეთში არ შეუშვეს რუსეთის არა ერთი მოქალაქე, მათ შორის ივნისის ბოლოს ფედერაციის საბჭოს ყოფილი სენატორი ფრანც კლინცევიჩი, თუმცა სომხეთის სასაზღვრო სამსახურს მიზეზი არ განუმარტავს.