რეზონანსი
10.07.2025

ცალკეული სახელმწიფოები და პოლიტიკოსები არიან ძიებაში, თუ რამ შეიძლება, მოახდინოს გავლენა საქართველოში პოლიტიკურ პროცესებზე იმგვარად, რომ მათთვის სასურველი მდგომარეობა დადგეს საქართველოში, ხელისუფლებაში იყვნენ ის ადამიანები, ვინც ქართველ ამომრჩეველს კი არ სურს, არამედ ვინც მათ აწყობთ კონკრეტული დავალებების შესასრულებლად, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოში არსებობენ პოლიტიკოსები, რომლებიც ღიად მოქმედებენ უცხოელი ბიუროკრატებისა თუ პოლიტიკოსების ინსტრუქციებით და ცდილობენ, ქვეყნის შიდა პოლიტიკა ამ მიმართულებით წარმართონ.

„ასეთი პოლიტიკოსების ჯგუფი რომ არსებობს საქართველოში, ამაში ორი აზრი არ არსებობს და უკვე თავად ამტკიცებენ – უყურებენ თუ რა ინსტრუქციას გასცემს რომელიმე ბიუროკრატი თუ უცხოელი პოლიტიკოსი და ამას უნდა მიყვნენ, ამას უნდა მიჰყვეს ქართული პოლიტიკური პროცესიც. ეს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში მიმართულია საქართველოს  ეროვნული ინტერესების დასაზიანებლად და ამის უკან არ დგას კეთილი განზრახვა“, – განაცხდა მაკა ბოჭორიშვილმა.

მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ მნიშვნელოვანია, განვსაზღვროთ, თუ როგორ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება. მისი თქმით, ქვეყანაში პოლიტიკური და სამართლებრივი პროცესები უნდა ვითარდებოდეს მხოლოდ ეროვნულ ინტერესებზე დაყრდნობით და არა გარედან წამოსული მითითებებით.

„არ შეიძლება, მუდმივად ასე ვიაროთ, რომ ვიღაც გიკარნახებს, ვინ უნდა დაიჭირო, ვინ არ უნდა დაიჭირო, ვინ უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული და ვინ არა. არ შეიძლება, არსებობდეს ხელშეუხებელი ადამიანების სია, რომელთაც რაც უნდათ, ის შეუძლიათ, გააკეთონ. ეს მადა კიდევ უფრო გაძლიერდა და ყოველდღიურად ვხედავთ, რომ შენი სახელმწიფოებრიობა, შენი კონსტიტუცია, შენი კანონმდებლობა, დემონსტრაციულად ხდება ამ ყველაფრის შეურაცხჰყოფა და გათელვა, და ასეთი სახელმწიფო გვინდა ჩვენ შვილებისთვის? სადაც პოლიტიკოსი გამოვა, შეურაცხჰყოფს სახელმწიფოს, კონსტიტუციას, კანონს, სახელმწიფო ინსტიტუტებს და შემდგომ აქვს პრეტენზია იმაზე, რომ იყოს პოლიტიკაში და იყოს ხელისუფლებაში, ასეთ სახელმწიფოში ცხოვრება არ ვიცი, რამდენად სასიამოვნო და სასურველია“, – განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×