
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას გამოეხმაურა, სადაც იუკნევიჩიანემ მზია ამაღლობელთან დაკავშირებით თქვა, რომ ჟურნალისტი ციხეშია, მას სცემეს და მკურნალობის საშუალება არ ეძლევა.
"ეს არის ღირებულებითი კრახი სინამდვილეში, რაც ახლა ხდება ბრიუსელში. შენ გეტყვიან, რომ სიძულვილის ენა ცუდია და თავად აფინანსებენ ადამიანებს, რომლებიც ჩვეულებრივი ვერბალური მოძალადეები არიან. აი, ასეთი ხალხი გაღმერთებული ჰყავს ამ აკაცუკა ოპოზიციას. მისი სიტყვა მათთვის არის თითქოს, რაღაცა რელიგიური სექტის წევრები იყვნენ და მათი ქურუმი იყოს რასა იუკნევიჩიანე," - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
მზია ამაღლობელის ადვოკატი კახა წერეთელი კი ამბობს, რომ ამაღლობელს არ განუცხადებია, რომ მას ფიზიკურად შეეხნენ.
„მზია ამაღლობელს არ განუცხადებია, რომ ფიზიკურად მას [შეეხნენ]. მზია ამაღლობელს აქვს განცხადება გაკეთებული, რომ მას აყენებდნენ შეურაცხყოფას, მას შეაფურთხეს, მაგრამ ის, რომ ხელით ის ვიღაცამ… შესაძლებელია, ეს დაზიანებები მიღებული იყოს დაკავების დროს. იქ მანამდე მზია ამაღლობელი წაიქცა მიმდინარე მოვლენების დროს, ეს არის გამოსაკვლევი გამოძიების მიერ”, - განაცხადა წერეთელმა.