
კადრები, რომელიც 22 წლის დუტა ომანაშვილის მკვლელობის მცდელობამდე რამდენიმე წამით ადრეა გადაღებული, "კურიერმა" ექსკლუზიურად მოიპოვა. ჩანაწერი 2023 წლის 30 აპრილით თარიღდება.
ჩანაწერში სისხლიანი ანგარიშსწორების ფაქტი არ ჩანს, თუმცა "კურიერისთვის" დანაშაულის დეტალები გახდა ცნობილი.
2023 წელს სოფელ ვარდისუბანში, ერთ-ერთ რესტორანში, სუფრაზე, ორ პირს ერთმანეთში უთანხმოება მოუვიდათ. ახალგაზრდებმა საქმის გარკვევა გარეთ გააგრძელეს. რამდენიმე წუთში მათ შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ანგარიშსწორებაში გადაიზარდა.
"კურიერის" ექსკლუზიურ კადრებში ჩანს, რომ 22 წლის ომანაშვილი ცენტრალური გზისკენ გარბის, თუმცა ახალგაზრდამ თავდამსხმელისგან თავის დაღწევა ვერ მოასწრო. დამნაშავე დაეწია, დანით 4 ჭრილობა მიაყენა, მათ შორის, 2 გულ-მკერდის არეში და ადგილიდან მიიმალა. მძიმედ დაჭრილი ომანაშვილის გადარჩენა ექიმებმა ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ შეძლეს. პოლიციამ ცხელ კვალზე ნიკოლოზ ქართლელიშვილი დააკავა.
მტკიცებულებები, რომელზეც პროკურორი საუბრობს, თელავის რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა და 22 წლის ბიჭის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებული გაამართლა. ქართლელიშვილის მიმართ გამოტანილი გამამართლებელი განაჩენი, მეორე ინსტანციამ 2024 წლის 27 ნოემბერს ძალაში დატოვა.
ორ ინსტანციაში გამართლებული ქართლელიშვილი, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით, დღეს უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას 11 წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
ჯერ გამართლებული და შემდეგ 11 წლიანი პატიმრობა მისჯილი ქართლელიშვილი, "კურიერის" ინფორმაციით, ახლა მიმალვაშია. განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულის დასაკავებლად ოპერატიული სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.
მტკიცებულებების ნაწილი, რომლითაც გამამტყუნებელი განაჩენი დადგა, "კურიერმა" მოიპოვა. ეს ფოტოები განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულის სახლშია გადაღებული. დანაშაულის ჩადენის იარაღი, დანა, სისხლიანი ტანსაცმელი, შარვალი და მაისური, სამართალდამცველებმა ჩხრეკისას ამოიღეს.
საქმეში დევს სხვადასხვა ადგილას დამონტაჟებული სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერებიც, მასალას ჰაბიდოსკოპიური ექსპერტიზაც ჩატარებული აქვს.