
აქციაზე დაკავებულების საქმე - პროკურორ როინ ხინთიბიაძის თქმით, პროკურატურის მიერ გავრცელებული ვიდეო, საქმეში მტკიცებულებად, საბა ჯიქიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყებიდან დევს. ოფიციალურად გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ მსჯავრდებული პირი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელზე ფიზიკურად ძალადობს. ამავე მასალის მიხედვით, საბა ჯიქიას ხელში დანის მაგვარი საგანი უჭირავს. გავრცელებულ ვიდეო მასალასთან დაკავშირებით არ საუბრობს მსჯავრდებულის ადვოკატი. მან დღეს "კურიერის" ზარებს არ უპასუხა.
პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეო მასალას ექსპერტიზა ჩატარებული აქვს. სახელმწიფო ბრალდება იმის დადგენას ითხოვდა, იყო თუ არა ვიდეო მასალაში ასახული პირი და დაკავებული ჯიქია ერთი და იგივე პირი.
ექსპერტიზის დასკვნის და ვიდეო მასალის ავთენტიკურობაში ეჭვი არ ეპარებათ საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფებში. "ხალხის ძალა" მიზანმიმართულ დეზინფორმაციაზე საუბრობს.
ექსპერტიზის დასკვნას, ისევე, როგორც პროკურატურისა და სასამართლოს პოზიციას, ხელისუფლების ოპონენტები უნდობლობას უცხადებენ. საბა ჯიქიას საქმესთან დაკავშირებით საუბრობს სალომე ზურაბიშვილიც. ექსპრეზიდენტმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ჯიქიას სასჯელი მშვიდობიან აქციაში მონაწილეობისთვის შეუფარდეს. ოპოზიციის ნაწილს კითხვები აქვთ გამოძიებასთან.
ოპოზიციის და სალომე ზურაბიშვილის განცხადებების მიღმა, მმართველი გუნდი კონკრეტულ ინტერესს ხედავს. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ დანაშაულებრივი ფაქტები პროკურატურის მიერ გავრცელებულ ვიდეოებშიც ჩანს. ოპოზიცია კი საპირისპიროს მტკიცებით ცდილობს პარლამენტზე და პოლიციაზე შტურმი მშვიდობიან აქციად წარმოაჩინოს.
საბა ჯიქიას 4 წლით და 6 თვით პატიმრობა გუშინ მიესაჯა. ის 4 დეკემბერს პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს. საბა ჯიქიას პროკურატურა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის დროს პოლიციელისთვის ფეხის ჩარტყმას ედავებოდა.