
„საგიჟეთია, ვინმე უნდა დაგვეხმაროს, რომ რამენაირად ყურადღება მივიქციოთ", - ამის შესახებ მთის კურორტების ბიზნეს ასოციაციის თანადამფუძნებელი მირანდა ესაკიამ განაცხადა.
საუბარია, გუდაურში სასრიალო ტრასისა და პირველი საბაგიროს მიმდებარედ დაწყებულ მშენებლობებზე, რომელიც მისი თქმით, შეთანხმების გარეშე მიმდინარეობს.
როგორც მირანდა ესაკია ამბობს, მშენებლობის პარალელურად, ტერიტორიაზე განთავსებულია უამრავი ჯიხური, სადაც დენი საბაგიროდან არის შეყვანილი. ეს კი, მისი თქმით, მოკლე ჩართვისა და ტურისტების გონდოლაში გაჭედვის მიზეზი ხდება.
„ზუსტად ვიცი, რომ მათ არ აქვთ არანაირი შეთანხმება, რადგან იმ ტერიტორიაზე მშენებლობის უფლება არავის აქვს. გადათხარეს სათხილამურო ტრასა, ეს არის კატეგორიულად დაუშვებელი. გარდა ამისა, პირველი საბაგიროს ქვემოთაც, სადაც ხალხმა უნდა ისრიალოს და არის რეკრეაციული სივრცე, ვიღაც ადგილობრივს, ყველანაირი ნებართვის გარეშე, ამოთხრილი აქვს და აშენებს ბედნიერად. სათხილამურო ტრასაზე ასეთი საგიჟეთია, არ ვიცი, ვინმე უნდა დაგვეხმაროს, რომ რამენაირად ყურადღება მივიქციოთ.
ადგილობრივი ბიზნესი გაგიჟებულია. რაც შეეხება დამსვენებლებს, ახლა ზაფხულის პერიოდია და პირველ რიგში ის ანტისანიტარია აწუხებს ყველას, რაც იქ არის. გარდა ამისა, ასე უკანონოდ დადგმული აქვთ უამრავი სამშენებლო ჯიხური, დენს იპარავენ საბაგიროდან, რომელიც იმხელა პრობლემას ქმნის, რომ ჩამოსული ტურისტი საათ-ნახევარი და 2 საათი გაჭედილია გონდოლაში, რადგან ხდება მოკლე ჩართვები," - განაცხადა ესაკიამ.
წყარო: bpn.ge