რეზონანსი
12.07.2025

მოსკოვის დიპლომატიური უწყების თვითმფრინავი ამჯერად ვინსანში დაეშვა. აეროპორტში რუს დიპლომატს ჩრდილოეთ კორეელი კოლეგა დახვდა. სერგეი ლავროვმა ჩოე სონ ჰუის ინგლისურად მიმართა და უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

ცნობილია, რომ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებულ ომში რუსეთის მხარდასაჭერად ფხენიანი ივლისში ან აგვისტოში დამატებით 10 000 სამხედროს გაგზავნის. ლავროვმა პირობა დღეს საკურორტო ქალაქში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერისგან იახტაზე შეხვედრის დროს მიიღო.

ვიდრე ფხენიანი და მოსკოვი უკრაინის წინააღმდეგ მიმართულ ახალ ნაბიჯებს განიხილავენ, კიევს მხარდაჭერა ამერიკის შეერთებულმა შტატებმა აღუთქვა. ვაშინგტონი ახლა ომის საკითხზე მნიშვნელოვანი განცხადების გასავრცელებლად ემზადება.

დღეს სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტმა უკრაინისთვის 500 მილიონი დოლარის თავდაცვის დახმარების გამოყოფა დაამტკიცა. ამერიკული მხარდაჭერის აღდგენაზე საუბრობს ოფიციალური კიევიც.

ვაშინგტონის გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა მოსკოვი. ცნობილია ოფიციალური პოზიციაც. რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ დონალდ ტრამპი უკრაინის მხარდამჭერი ნაბიჯების გამო ღიად გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ რუსეთი უკრაინაში ომის შეწყვეტას არ აპირებს.

რუსეთის აგრესიის სამიზნე უკრაინა დღესაც გახდა. დარტყმების შემდეგ ყველაზე მძიმე ვითარება ახლა ლვოვშია. ქალაქში 50 საცხოვრებელი სახლი განადგურდა. თავდასხმას მოჰყვა მსხვერპლი. დაჭრილებს შორის არის ბავშვი.

აფეთქებები იყო ხარკოვშიც. დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურა. დაშავდნენ მშვიდობიანი მოქალაქეები. ქალაქ ჩერნოვციში ორი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა. ოკუპანტმა ქვეყნის ქალაქების და დასახლებების მიმართულებით სულ 26 რაკეტა და ექვსასამდე დრონი გაუშვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×