რეზონანსი
14.07.2025

"მორიგი უხეში და უსამართლო თავდასხმა ქართველ ხალხზე და ქართულ დემოკრატიაზე" - "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს მთავარი გზავნილები პოლიტიკური შეფასებების თემაა თბილისში.

პოლიტსაბჭო განცხადებით გამოეხმაურა 17 ევროპული ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ხელმოწერით გავრცელებულ წერილს.

მმართველი პარტია "დიფ სთეითის" გეგმებზე, დეზინფორმაციასა და ცრუ ბრალდებებზე საუბრობს, აცხადებს, რომ თავდასხმების მიზეზი ქართველი ხალხის არჩევნებზე მიღებული გადაწყვეტილებაა, რომელმაც არ დაუშვა ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობის" დაბრუნება, რასაც ევროპელი და ამერიკელი ყოფილი ჩინოვნიკები გულშემატკივრობდნენ.

პოლიტსაბჭოს განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ხელისუფლება დაიცავს ქვეყნის ინტერესებს და ბრძოლაში კომპრომისს ვერ დაუშვებს. პარალელურად, ისმის მზაობა სამართლიანი თანამშრომლობისთვის.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, თენგიზ შარმანაშვილი, ევროპარლამენტარების დამოკიდებულებას უსამართლოს უწოდებს.

"როდესაც თავდასხმა ასეთი ორგანიზებული, ორკესტრირებული და ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, რა თქმა უნდა, ჩვენ რეაქცია გვქონდა და სწორიც იყო. ეს განცხადება არაფერ რეალურს არ ეფუძნება. იქ რაც არის მოტანილი, არაფერი სიმართლეს არ შეესაბამება. სამწუხაროდ, ჩვენს მიმართ ასეთი დამოკიდებულება კარგა ხანია გრძელდება.

არანაირ არგუმენტს არ ისმენენ. ყველანაირი არგუმენტი დავუდეთ არჩევნებთან დაკავშირებით, არა მხოლოდ ჩვენი, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციებისაც. ეუთოს გენერალური მდივნის განცხადებაც საკმარისი უნდა ყოფილიყო, თვითონ დამკვირვებლების განცხადებაც საკმარისი უნდა ყოფილიყო, რომ ერთხელ და სამუდამოდ დამთავრებულიყო 2024 წლის არჩევნების ლეგიტიმურობაზე საუბარი.

სამწუხაროდ, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მაინც აგრძელებენ ამას, ეს უსამართლო დამოკიდებულებაა და ასეთი უსამართლო დამოკიდებულება არ უნდა იყოს მოსალოდნელი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ხელმძღვანელებისაგან და მათი წარმომადგენლებისაგან. სამწუხაროდ, ეს ხდება და ჩვენი რეაქციაც აქედან გამომდინარეობდა", - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×