
მოსახლეობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ავარიული კორპუსიდან მობინადრეები დიდუბის გამგეობამ წუხელ სასტუმროებში გადაიყვანა. კორპუსში მცხოვრები 55 ოჯახიდან ნაწილმა ახლობლებთან დარჩენა არჩია, ნაწილი კი სასტუმროებშია.
მერია ამ დრომდე აწარმოებს მოლაპარაკებებს ორ ოჯახთან, რომლებმაც, მიუხედავად მომხდარისა, შენობის დატოვებაზე უარი თქვეს.
ამასთან, მუნიციპალიტეტი მოლაპარაკებებს განაახლებს მოსახლეობასთან, რათა კორპუსის ყველა მობინადრისგან მიიღოს სრული თანხმობა ავარიული შენობის დემონტაჟისა და ახალი საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობასთან დაკავშირებით.
„აღნიშნული კორპუსი ავარიულია, რის შესახებაც გამგეობის მხრიდან არაერთხელ ჰქონდათ მოსახლეობას ინფორმაცია. გვქონდა კომუნიკაცია და შეთავაზებული იყო ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამა, რომელსაც მერია ახორციელებს.
ვინც სურვილი გამოხატა, აბსოლუტურად ყველა დიდუბის რაიონის გამგეობის მხრიდან გადაყვანილი იქნება სასტუმროებში. არცერთ ადამიანს არ დავტოვებთ უყურადღებოდ“, - განუცხადა ჟურნალისტებს დიდუბის მაჟორიტარმა დეპუტატმა თბილისის საკრებულოში, გივი ჩხარტიშვილმა.
სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე, საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი ჩამოინგრა. ამ დროისთვის დაზუსტებული ინფორმაციით, მომხდარი ნგრევის შედეგად, გარდაიცვალა 2 ადამიანი, ხოლო ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო ერთმა პირმა, რომელიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით სტაციონარშია მოთავსებული.