რეზონანსი
15.07.2025

თბილისში, სადგურის მოედნის მიმდებარედ, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარ ნგრევას ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა. ტრაგედია 14 ივლისს, დაახლოებით, 19:00 საათზე, თევდორე მღვდლის ქუჩაზე მოხდა. დაღუპულია დავით ბართია და კიდევ ერთი ქალბატონი, რომელიც იქვე ვაჭრობდა. გარდაცვლილი დავით ბართია იმ დღეს დასთან ერთად ბაზარში ხორცის საყიდლად მიდიოდა, როცა ნანგრევებში მოჰყვა. მისი და კი მოტეხილობებით კლინიკაშია გადაყვანილი. გლოვაა მარტვილის რაიონის სოფელ ბალდაში, სადაც დათო ბართია გაიზარდა. 

"დათო უკარგეს ოჯახში გაიზარდა. მის მშობლებს ის აყვანილი ჰყავდათ, თავს ევლებოდნენ, არაფერს აკლებდნენ. ჩემი შვილის ტოლია და ახლაც მახსოვს, სახლში თოთო ბავშვი რომ მოიყვანეს, როგორ მყავდა ხელში ატატებული. მას შემდეგ ჩვენ თვალწინ გაიზარდა. მამამისი იმ წლებში ბალდაში ფერმის გამგე იყო. დედა მეოჯახე ქალბატონი იყო. 

ხუთი წელი იქნება, რაც წასულია თბილისში, ჯერ ე.წ. დეზერტირების ბაზარში მუშაობდა, ფიზიკურად შრომობდა, მერე გაზის კომპანიაში აღმრიცხველად დაიწყო მუშაობა. დედა 6 წელია, რაც გარდაცვლილია, მამა უფრო ადრე. ბიოლოგიურმა დამ მოძებნა წლების წინ, რომელიც სულ ცდილობდა, მის გვერდით ყოფილიყო, სულ ძამიკო, ძამიკოს ეძახდა. რაც ნახა, მას შემდეგ თვალიდან არ მოუშორებია.

გუშინაც დასთან ერთად იყო. ბაზარში ორივე ერთად ხორცის საყიდლად მიდიოდნენ, თურმე. სამი დღეა, რაც ბინა იყიდა და-ძმამ საზიაროდ და უნდა აღენიშნათ. ამ დროს დატრიალდა ეს თავზარდამცემი ამბავი. მთელმა სოფელმა გავათენეთ წუხელ, იქ, თბილისში ბიჭები დასტრიალებენ თავს. მისი და შეესწრო ამ ფაქტს, ისიც დაშავდა, ფეხი აქვს მოტეხილი. მან ჯერ არ იცის, რომ ძმა გარდაცვლილი ჰყავს".

კვირის პალიტრა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×