რეზონანსი
16.07.2025

დეპუტატი ირაკლი ქადაგიშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისადმი ევროკომისიის წერილს, რომელზეც ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა ისაუბრა. მისი შეფასებით, ევროკავშირის მხრიდან მიდგომა მძიმეა.

„წერილში, ზოგადად, ორი მთავარი საკითხია: ერთი - საჯაროობასა და გამჭვირვალობაზე წუხილი, რაზეც, ალბათ, გვექნება კონკრეტული დისკუსია თუ რატომ ბღალავს საჯაროობა და ღიაობა ვიზალიბერალიზაციას. მეორე საკითხი, როგორც ვიცით, ეხება ლგბტ თემს და მოზარდ თაობაში ამ პროპაგანდის გავრცელების შეუფერხებლობას. აქაც ჩვენი პოზიციები გვექნება. ვფიქრობ, ეს არის ის ორი ძირითადი საკითხი, რასთან დაკავშირებითაც ჩვენი არგუმენტირებული პოზიცია გაგვაჩნია. ზოგადად მიდგომა მძიმეა იმ გაგებით, რომ ღიაობა, რომელიც ევროკავშირისთვის ყველა მიმართულებით N1 მოთხოვნა უნდა იყოს, რატომღაც ამ მიმართულებით მათ ყველაზე დიდი პრობლემა აქვთ. მეორე - რატომღაც ლგბტ პროპაგანდის გავრცელება ითვლება ვიზალიბერალიზაციის პირობად. 

ვფიქრობ, ასეთი თემების საზოგადოებაზე ძალით თავზე მოხვევა არ შეიძლება, მით უმეტეს, როცა საქართველოში დისკრიმინაციის წინააღმდეგ დახვეწილი კანონმდებლობა მოქმედებს, სადაც მათ შორის, ყველა ასეთი პირის უფლებები დაცულია“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×