რეზონანსი
16.07.2025

ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი მის ბიზნესცენტრში ფინანსური პოლიციის შესვლას ადასტურებს. 

მისი განცხადებით, ფინანსურმა პოლიციამ "მეჯიქ როუდ ჯორჯიას", "ალბიონ სოფტის" და "⁠ვივო გრუპ ინტერნეიშენალის" ოფისები დალუქა. პაპაშვილის ცნობით, მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, საგამოძიებო სამსახურის BOS SELF-ში შესვლის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

როგორც ბიზნესმენმა აღნიშნა, ფინანსურმა პოლიციამ ჩხრეკის შედეგად ტექნიკა ამოიღო და თანამშრომლები დაკითხვაზე გადაიყვანა. მისი თქმით, სამივე ბიზნეს სუბიექტთან მხოლოდ საიჯარო ურთიერთობები აკავშირებთ.

ჩვენი ინფორმაციით, წაღებულია მათ საკუთრებაში არსებული ტექნიკა, ხოლო თანამშრომლები დაკითხვაზე იყვნენ გადაყვანილი. საუბარია სამ ბიზნეს სუბიექტზე, რომელთანაც ჩვენ გვაკავშირებს მხოლოდ საიჯარო ურთიერთობები.

აღნიშნული კომპანიების საქმიანობის შესახებ ინფორმაცია არის საჯარო. მათ საქმიანობაში რაიმე საეჭვო მოქმედება არასოდეს შეგვიმჩნევია. პირიქით ყოველთვის პირნათლად ასრულებდნენ თავიანთ ვალდებულებებს, როგორც ბიზნესცენტრის შიდა განაწესის ზედმიწევნით დაცვაში, ასევე ფინანსურ ვალდებულებებში," - აცხადებს პაპაშვილი. 

ასევე, როგორც მან აღნიშნა, "რედიქს ჯგუფი" დედაქალაქსა და რეგიონებში რამდენიმე ბიზნეს ცენტრს მართავს და ასობით მოიჯარე ჰყავს.

მათი საქმიანობის დეტალებში ჩვენ ვერ და არ ვერევით. დიდი იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი დადებითად გადაწყდება და კომპანიები შეძლებენ ჩვეულ რეჟიმში ოპერირებას," - აღნიშნა პაპაშვილმა. 

შეგახსენებთ, რომ ტაბიძის პირველ ნომერში მდებარე ბიზნეს ცენტრში სპეცოპერაცია ფინანსურმა პოლიციამ 14 ივლისს შუადღით დაიწყო. 4 საათიანი ჩხრეკის შემდეგ, დაილუქა სამი ოფისი და შენობიდან გაიტანეს ყველა სახის ელექტრონული ტექნიკა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×