რეზონანსი
17.07.2025

კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა რადიოაქტიური ქიმიური ელემენტის ურანის უკანონო გასაღებისა და შეძენის ფაქტზე, ბათუმში საქართველოს 1 მოქალაქე და უცხო ქვეყნის 1 მოქალაქე დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ურანის უკანონო რეალიზაცია 3 მილიონ ამერიკულ დოლარად იგეგმებოდა.

„საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ტრანსნაციონალური დანაშაული გამოავლინა და ამ დანაშაულის სხვადასხვა მიმართულებით შესაძლო განვითარება აღკვეთა. სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ერთობლივი ღონისძიებების შედეგად, ბირთვული მასალის, კერძოდ, რადიოაქტიური ქიმიური ელემენტის ურანის უკანონო გასაღებისა და შეძენის ფაქტზე, ქალაქ ბათუმში საქართველოს 1 მოქალაქე და უცხო ქვეყნის 1 მოქალაქე დააკავეს.

დაკავებულთა შორის დადებული გარიგების თანახმად, ურანის უკანონო რეალიზაცია 3 მილიონ ამერიკულ დოლარად იგეგმებოდა. აღნიშნული ბირთვული მასალა, რადიოაქტიური ალფა- და გამა-გამოსხივების დოზის სიმძლავრისა და წყაროს რაობის გათვალისწინებით, როგორც კომპონენტი, გამოსადეგია სხვადასხვა ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად, ტერორისტული თავდასხმის განსახორციელებლად ან სხვა მძიმე, მასობრივი და ფატალური შედეგის დადგომისთვის.

აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 230-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 5-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“-ნათქვამია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×