რეზონანსი
17.07.2025

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, სირიაში ცეცხლის შეწყვეტა ძალის საშუალებით იყო მიღწეული და არა თხოვნის.

ამის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუმ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

მისი თქმით, ისრაელი მოითხოვს, რომ დამასკოს სამხრეთით ტერიტორია, გოლანის მაღლობებიდან დრუზების მთებამდე, დემილიტარიზებული იყოს და ეს ისრაელისთვის წითელი ხაზია, რომელიც სირიის მთავრობამ გადაკვეთა.

„ჩვენ მკაფიო პოლიტიკა დავსახეთ. დამასკოს სამხრეთით ტერიტორიის დემილიტარიზაცია, გოლანის მაღლობებიდან დრუზების მთებამდე, ჩვენთვის ეს არის წითელი ხაზი, ეს ერთი; მეორე ხაზია ჩვენი ძმების დაცვა, დრუზების, რომლებიც დრუზების მთებში არიან. არ დავუშვებთ, რომ სამხედრო ძალები გაიგზავნოს დამასკოს სამხრეთით, არ დავუშვებთ, რომ დრუზებს ზიანი მიადგეთ“, – განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

მისივე თქმით, სირიის რეჟიმმა ორივე წითელი ხაზი გადაკვეთა.

„ცეცხლის შეწყვეტა მიღწეული იყო ძალის საშუალებით. არა თხოვნების და მოწოდებების, არამედ ძალის საშუალებით. ჩვენ ვიმოქმედეთ და გავაგრძელებთ მოქმედებას, როგორც საჭიროა“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

ცნობისთვის, ისრაელმა 16 ივლისს დამასკოში მდებარე სირიის თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის შენობები დაბომბა. ასევე, ისრაელის ავიაციამ იერიში მიიტანა სირიის პრეზიდენტის სასახლეზე.

ისრაელის ავიაიერიშები მას შემდეგ განხორციელდა, რაც სირიის სამთავრობო ძალები დრუზებით დასახლებული სუვეიდის რაიონის ადმინისტრაციულ ცენტრში შევიდნენ. ისრაელი ამტკიცებს, რომ სირიის სამთავრობო ძალები დრუზების ეკზეკუციას ახდენდნენ.

ისრაელის ავიაიერიშების შემდეგ სირიის მთავრობამ სუვეიდიდან სამხედრო ძალები გაიყვანა.

ამასთან, სირიის მთავრობამ განაცხადა, რომ სირიის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა დაცული უნდა იყოს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×