
TBC Capital-ის ინფორმაციით, 2024-2025 სასწავლო წელს საქართველოში 37 100 უცხოელი სტუდენტი სწავლობდა, რაც წლიურად 21%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აქედან 15% სწავლობდა საბაკალავრო, ხოლო 85% სამაგისტრო და სამედიცინო პროფილის უმაღლესი განათლების პროგრამებზე. წელსაც საქართველოს ყველაზე მეტი სტუდენტი (55%) ინდოეთიდან ჰყავდა, შემდეგ მოდის იორდანია (7%), მესამე ადგილზე კი ისრაელია (6%-ით).

უმაღლეს განათლებაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში დიდ როლს თამაშობს ქირა და ფასები სამომხმარებლო საქონელზე. ეს მნიშვნელოვანია როგორც საქართველოს რეზიდენტისთვის, რომელიც თბილისში, სადაც უნივერსიტეტების უმეტესობაა თავმოყრილი, აპირებს სწავლის გაგრძელებას, ასევე, არარეზიდენტებისთვის.
ქირის ფასები განსაკუთრებით გაიზარდა რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან, მიგრანტების შემოსვლასთან ერთად. მიუხედავად იმისა, რომ ქირა შემცირებულია, ის მაინც მნიშვნელოვნად მაღალ დონეზე ნარჩუნდება. პარალელურად, მზარდია ფასები სამომხმარებლო საქონელზე, თუმცა ზრდის ტემპი შედარებით ნელია.
2025 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში უმაღლეს განათლებაზე დანახარჯები წლიურად 3%-ით, 171 მლნ ლარამდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ საბიუჯეტო ხარჯები ყოველწლიურად მზარდია გარდა 2022 წლისა, რაც სტუდენტური გრანტების კლებით იყო გამოწვეული. მიმდინარე წლის ბიუჯეტში, უმაღლეს განათლებაზე დაგეგმილი ხარჯების თითქმის 80% სტუდენტური გრანტებისთვის არის გათვალისწინებული.

ქვეყანაში სტუდენტთა რაოდენობაც წლიდან წლამდე მზარდია. 2024-2025 აკადემიურ წელს საქართველოს უნივერსიტეტებში 188 ათასამდე სტუდენტი სწავლობდა (საბაკალავრო, სამაგისტრო და პროფესიულ პროგრამებზე). სტუდენტების საერთო რაოდენობიდან კერძო უნივერსიტეტებში მხოლოდ 42% სწავლობს.
აღსანიშნავია, რომ მაღალია მოთხოვნა ისეთ უნივერსიტეტებზე, რომლებიც აბიტურიენტებს ე.წ. ნიშურ პროგრამებს სთავაზობენ, შედარებით ისეთ უნივერსიტეტებთან, რომლებსაც შეთავაზებული პროგრამების ფართო სპექტრი აქვთ.
კერძო უნივერსიტეტების შემთხვევაში, თავისუფალ უნივერსიტეტზე კვლავ მაღალი მოთხოვნა ფიქსირდება - ერთ ვაკანტურ ადგილზე მოთხოვნა საშუალოდ 1.9 სტუდენტმა დააფიქსირა. ასეთივე მაჩვენებელი აქვს საქართველოს აგრარულ უნივერსიტეტს.
2024/25 სასწავლო წელს, სახელმწიფო უნივერსიტეტებს შორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ყველაზე მეტი სტუდენტი მიიღო და გამოცხადებული ადგილების 89% შეავსო. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა ვაკანტური ადგილების 91%-ით, ხოლო საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა 88%-ით შევსება შეძლო. კერძო უნივერსიტეტებს შორის ყველაზე მეტი სტუდენტი საქართველოს ეროვნულმა უნივერსიტეტმა მიიღო.
TBC Capital-ის თანახმად, საბაკალავრო პროგრამის საფასურზე რამდენიმე ფაქტორი მოქმედებს, მათ შორის აკადემიური პერსონალის ხელფასები, ინფრასტრუქტურა და სხვა. 2024/25 აკადემიური წელს შეთავაზებული საბაკალავრო პროგრამების 56%-ის საფასური წლიურად 4 000 ლარი ან ნაკლები იყო. პროგრამების 22%-ის ღირებულება კი 4000-დან 60000 ლარს შორის მერყეობს.