
ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან. სამუშაო მაგიდაზე საქართველოს საკითხი დევს - ვიზალიბერალიზაციის შეჩერების შესახებ. იკრიბებიან, მსჯელობენ, თუმცა კონსენსუსს ვერ აღწევენ - იდეას 27-ვე წევრი ქვეყნის მწვანე შუქი არ აქვს. და მაინც, ევროპული საბჭოს უშედეგო სხდომის შემდეგ, კაია კალასი ტონს არ ცვლის და ამბობს, რომ საქართველოს ხელისუფლების ნაბიჯებს ბრიუსელიდან კონკრეტული შედეგები მოჰყვება.
ევროპული საბჭო კონსენსუს ვერ აღწევს, თბილისი კი წერილს იღებს. ბრიუსელი სასწორის ერთ მხარეს რვა მოთხოვნას, მეორე მხარეს კი 2017 წელს მიღებული, ისტორიული გადაწყვეტილების გადახედვის საკითხს დებს. რთავს წამზომსაც და დედლაინად აგვისტოს ბოლოს ასახელებს. ევროპის პოლიტიკური დედაქალაქიდან გამოგზავნილი წერილი, საქართველოს დედაქალაქში მორიგ შანტაჟად ფასდება. "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭო მიღებულ გზავნილს განცხადებით პასუხობს. მთავრობის მეთაური იმ წნეხზე საუბრობს, რომელიც, მისი თქმით, ომში ჩართვის მცდელობაზე მიღებული უარის გამო, სამი წლის წინ დაიწყო და სამი წლის შემდეგაც გრძელდება.
თბილისი აქცენტს ბრიუსელის ფარულ ზრახვებზე აკეთებს. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერების საკითხი, საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური შანტაჟის იარაღად გამოიყენება. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველო ვიზალიბერალიზაციის მთავარ კრიტერიუმებს ზედმიწევნით იცავს. მმართველ პარტიაში უკვირთ ისიც, რა კავშირი აქვს ამ საკითხს კონკრეტულ კანონებთან.
ოპოზიცია, რომელიც უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდეც ააქტიურებდა, რეკომენდაციების შესრულებას ახლაც ითხოვს. სწორედ ამიტომ, სახელისუფლებო გუნდში აცხადებენ, რომ გარე ძალები საქართველოს შიდა საქმეებში ერევიან და ოპონენტების მაშველი რგოლი ამჯერად, თვითმმართველობის არჩევნების წინ ხდებიან. "ქართული ოცნება" დიალოგისთვის ახლაც მზად არის, თუმცა ცალკეული კანონების გაუქმება სამართლებრივი არგუმენტების გარეშე, მათთვის წითელი ხაზია. კითხვას აჩენს ულტიმატუმის ვადაც - საკანონმდებლო ორგანო მუშაობას სექტემბერში განაახლებს.
საქართველომ პასუხი ევროპარლამენტის განცხადებასაც გასცა. უმრავლესობის ლიდერმა განმარტა, რომ საქართველო და ქართველი ხალხი თავისუფლებას არაფრის ფასად დათმობს.
მთავრობის მეთაურის განცხადებით, მსოფლიოში მიმდინარე პროცესებში საკუთარი როლი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს. მისივე თქმით, საქართველოს ომში ჩართვას "დიფ სთეითი" ბაიდენის ადმინისტრაციის ნაცვლად, ახლა უკვე ევროპელი ბიუროკრატების საშუალებით ცდილობს.
ამერიკის 47-ე პრეზიდენტმა "დიფ სთეითის" დამარცხების პირობა წინასაარჩევნოდ დადო. ტრამპის მეორე ვადით პრეზიდენტობა 6 თვეს ითვლის, საქართველო კი ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვის მოლოდინშია. სუფთა ფურცლიდან დაწყების მზაობაც არაერთხელ გამოითქვა - ქვეყანას შტატებში ახალი ელჩი უკვე ჰყავს, თავად საქართველო კი ახალ დიპლომატს ახლა ამერიკიდან ელის - ეს მას შემდეგ, რაც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ გამოგზავნილმა ელჩმა, დიპლომატიური კარიერა საქართველოში ვადაზე ადრე დაასრულა.