რეზონანსი
21.07.2025

4 ოქტომბრის არჩევნები ოპოზიციაში დაპირისპირების მთავარ საკითხად რჩება - ბარიერგადალახული პარტიებიდან ორი ბოიკოტს ემხრობა, ორი კი საარჩევნო მარათონში ერთვება. ხელისუფლების ოპონენტებს შორის აზრთა სხვადასხვაობა 19 ივლისის აქციაზეც გამოჩნდა - ბოიკოტში მყოფებმა არჩევნებში მონაწილე ყოფილ კოლეგებს პროტესტი რუსთაველის გამზირზეც გამოუცხადეს.

კიდევ ერთხელ ისაუბრეს გეგმაზე იბრძოლონ მხოლოდ ქუჩაში. ოპოზიციაში დაპირისპირებას მართულ პროცესს უწოდებს "ქართული ოცნება".

პარალელურად მმართველი გუნდი თვითმმართველობის არჩევნებისთვის საშტაბო მუშაობას განაგრძობს.

"ჩვენ ვხედავთ, რომ ეს ხელოვნურად წარმართული პროცესი არის. ეს ოთხივე რადიკალური პარტია იმართებიან ერთი და იგივე ვერტიკალიდან, თუმცა თავისთავად მათ შიდა დაპირისპირება აქვთ როგორც ამ ოთხ პარტიას ერთმანეთში, ისე უშუალოდ ამ პარტიის წევრებსაც. ჩვენ ვიხილეთ რამდენიმე წევრმა გახარიას პარტია დატოვა, "ლელოს" პარტია და ა.შ. ვინაიდან ეს ბუნებრივი პროცესია, რა თქმა უნდა, ყველას სურს, რომ იყოს ფავორიტი იმ გარე ძალებისთვის, ვისაც ჩვენ, პირობითად, გლობალური ომის პარტიას ვუწოდებთ, ხოლო ბატონი ტრამპის ადმინისტრაცია "დიფ სთეითს" უწოდებს. რა თქმა უნდა, ყველას სურს ფავორიტობა, ფავორიტს უფრო მეტი დაფინანსება აქვს, უფრო მეტი მხარდაჭერა და ა.შ. შესაბამისად, რა თქმა უნდა, შიდა დაძაბულობა არსებობს, თუმცა საბოლოო კონფიგურაცია როგორი იქნება ჯერ არ ვიცით, უნდა დაველოდოთ რა თქმა უნდა. თუმცა, "ქართული ოცნება" მზად ვართ ნებისმიერი კონფიგურაციისთვის და სცენარისთვის, ჩვენ უკვე მზადება და საშტაბო მუშაობა დაწყებული გვაქვს დიდი ხნის. შესაბამისად, როგორი კონფიგურაციითაც არ უნდა წარსდგეს ოპოზიცია, გააერთიანებენ მათ, თუ კიდევ ერთხელ დაშლიან თუ ა.შ. რა თქმა უნდა ყველა სცენარისთვის მზად ვართ და ძალიან დიდი ანგარიშით გპირდებით მათ დამარცხებას", - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილე ლევან მაჭავარიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×