რეზონანსი
22.07.2025

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის წერილზე პირველ კომენტარს აკეთებს წერილის მთავარი ადრესატი. კაია კალასის ავტორობით მომზადებულ 8-პუნქტიან დოკუმენტთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ისაუბრა.

როგორც მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა, არსებობს სურვილი, რომ უვიზო რეჟიმი ქართულ საზოგადოებაზე ზეწოლის ინსტრუმენტად აქციონ. მისივე თქმით, ის, რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არანაირ ფასეულობასთან არ არის თანხვედრაში.

„ჩვენ ვნახეთ თუ როგორ გამოიყენეს კანდიდატის სტატუსის საკითხი როგორც ინსტრუმენტი პოლიტიკური ბრძოლისთვის. დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ უვიზო მიმოსვლის საკითხი გამოიყენება როგორც ინსტრუმენტი ქართული საზოგადოების დასჯისთვის. ფაქტობრივად ეს დამუქრებაა ქართული საზოგადოებისადმი. ერთი რამ არის ცხადი, არანაირი საფუძველი დღეს არ არსებობს, რომ უვიზო მიმოსვლას რაიმე კითხვის ნიშანი დაესვას. ჩვენ ამ საკითხზე არაერთი ნაბიჯი გადავდგით იმისათვის, რომ ევროკავშირის მხარეს საქართველოდან არანაირი პრობლემა არ ჰქონოდა, რაც საფრთხეს შექმნიდა საქართველოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლისთვის. მათ შორის, ჩვენ გავყევით ისეთ საკითხებზე, როგორიც იყო ჩვენივე საზღვარზე კონტროლის განხორციელება, რომელსაც მათ შორის „ფრონტექსის" წარმომადგენლები ახორციელებენ და იმისათვის, რომ პრევენცია მოგვეხდინა არალეგალური მიგრაციის.

ჩვენ რეალურად ვიხილეთ უპრეცედენტო ჩარევის მცდელობები საქართველოს არჩევნებში, რეალურად იყვნენ პოლიტიკოსები ევროპული ქვეყნებიდან, რომლებიც ისევე, როგორც ქართველი პოლიტიკოსები იყვნენ ჩართული წინასაარჩევნო პერიოდში, ზუსტად იგივე დოზით იყვნენ ჩართული წინასაარჩევნო პერიოდში. ის შედეგი ვერ დადგა, რაც მათ სურდათ, ქართველმა ხალხმა გააკეთა ის არჩევანი, რაც სჭირდებოდა ამ ქვეყანას. ეს არჩევანი იყო გარკვეული ძალებისთვის მიუღებელი და ახლა ეს გარკვეული ძალები ცდილობენ, რომ სხვა მექანიზმები აამოქმედონ იმისათვის, რომ უფრო მეტად მოახდინონ გავლენა ქართულ საზოგადოებაზე. არის გარკვეული მცდელობები იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა იყოს ჩართული სწორედ იმ პროცესებში, რომელიც ქვეყანას არასტაბილურობას მოუტანს და ექნება დამანგრეველი შედეგები ჩვენი ქვეყნისთვის. არაერთხელ მოვისმინეთ ევროპელი დეპუტატების მხრიდან, რომ ის, რასაც არ აკეთებს „ქართული ოცნება", შეიძლებოდა გაეკეთებინა სხვა ძალას; იყო აპელირება მაშინ მიხეილ სააკაშვილზე. ის, რასაც საქართველოსგან ითხოვენ, არც დემოკრატიულია და საერთოდ არანაირ ფასეულობებთან არ არის თანხვედრაში", - აცხადებს მაკა ბოჭორიშვილი „ქრონიკასთან".

ევროკომისიამ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს წერილი გამოუგზავნა, სადაც იმ რვა რეკომენდაციის ჩამონათვალია, რომელიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს, რათა უვიზო რეჟიმს საფრთხე არ დაემუქროს. მათ შორის ევროკავშირი ითხოვს გაუქმდეს „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ" კანონი, უზრუნველყოფილი იყოს LGBTIQ თემის უფლებების სრული დაცვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×