
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დღეს, თურქეთში რუსეთთან მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დროს, უკრაინის წარმომადგენლების მთავარი მოთხოვნა სასწრაფო და სრული ცეცხლის შეწყვეტა იქნება.
ზელენსკი სოციალურ ქსელში გავრცელებულ პოსტში წერს, რომ სუმის ოლქში, მთელი დღის განმავლობაში, რუსული დრონის დარტყმის შედეგად მიყენებული ზიანის გამო, აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობდა. მისი თქმით, მოლაპარაკებებზე სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ასეთი დარტყმების შეჩერებაზეც გაამახვილებენ ყურადღებას.
"უკრაინელები ყოველთვის აღადგენენ დანგრეულს. დღეს კი, თურქეთში მოლაპარაკებების დროს, უკრაინის წარმომადგენლები კიდევ ერთხელ დაჟინებით მოითხოვენ სასწრაფო და სრული ცეცხლის შეწყვეტის აუცილებლობას, მათ შორის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ასეთი დარტყმების შეჩერებას," - წერს ზელენსკი.
ცნობისთვის, სტამბოლში დღეს უკრაინასა და რუსეთის ფედერაციას შორის მოლაპარაკების ახალი რაუნდია დაანონსებული.
ეს უკვე მესამე მოლაპარაკებაა, რომელიც მიმდინარე წლის განმავლობაში სტამბოლში იმართება. წინა რაუნდები, რომლებიც 16 მაისსა და 2 ივნისს გაიმართა, ძირითადად პატიმრების გაცვლასა და ტყვეების საკითხს შეეხო, თუმცა მოლაპარაკებებს არ მოჰყოლია სერიოზული პროგრესი.