
ქართველი ხალხის საწინააღმდეგო ნაბიჯი მათზე ზრუნვის სახელით - "ქართული ოცნება" ამბობს, რომ ვიზალიბერალიზაციის შეჩერება ევრობიუროკრატების მხრიდან შანტაჟის აპრობირებული მეთოდია, რომლის უკანაც გლობალური ძალების უცვლელი ინტერესები დგას - ხელისუფლების შეცვლა და საქართველოს ომში ჩართვა.
გამჭვირვალობისა და ოჯახური ღირებულებების შესახებ კანონები რომ უვიზო მიმოსვლის საკითხს არ უკავშირდება, ამას ოპოზიციაშიც აღიარებენ, თუმცა ამბობენ, რომ ქვეყანამ ევროკავშირის მოთხოვნები უპირობოდ უნდა შეასრულოს, მათ შორის ისიც, რაც ბრიუსელის რეკომენდაციებში არ წერია.
ოპონენტების პოზიცია მმართველ გუნდს არ უკვირს, რადგან სწორედ მათ განიხილავს საქართველოში გლობალური ძალების ინტერესების წარმომადგენლებად. უმრავლესობაში აცხადებენ, რომ ხელისუფლების წინააღმდეგ დაწყებული უსამართლო კამპანია უკვე 3 წელზე მეტია გრძელდება.
მშვიდობა ვიზალიბერალიზაციის სანაცვლოდ - პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ ხელისუფლება დღეს ამ დილემის წინაშე დგას. განცხადება ირაკლი კობახიძემ ერთ-ერთ მედია ინტერვიუში გააკეთა.
ხელისუფლება მიიჩნევს, რომ უვიზო რეჟიმის შეჩერების გადაწყვეტილება ევრობიუროკრატების მიზნებისთვის კონტრპროდუქტიული იქნება.