რეზონანსი
25.07.2025

ხმაური თვალჭრელიძის პირველ ნომერში აღსრულების ბიუროს წარმომადგენლების გამოჩენას მოჰყვა. რამდენიმეთვიანი მოლაპარაკებისა და გაფრთხილების შემდეგ, ძველი ქარხნის შენობაში თვითნებურად შესახლებული მოქალაქეების გამოსახლების პროცესი აღსრულების ბიურომ დილის 10:00 საათზე დაიწყო. სამართალდამცველების დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, პოლიციამ, ადმინისტრაციული წესით, რამდენიმე პირი დააკავა.

მოქალაქეები, რომლებიც წლების განმავლობაში ავარიულ შენობაში უკანონოდ ცხოვრობდნენ ადასტურებენ, რომ კერძო საკუთრებაში თვითნებურად შეიჭრნენ და გამოსახლების პროცედურის შესახებ წინასწარ ინფორმირებულები იყვნენ.

განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ ის ადგილობრივები, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ წასასვლელი არსად ჰქონდათ, თუმცა, საჯარო რეესტრში გადამოწმებული ინფორმაციის თანახმად, ირკვევა, რომ გამოსახლებულ პირთა დიდი ნაწილი უძრავ ქონებას უკვე ფლობს. სახელმწიფომ საცხოვრებელი ბინა იძულებით გადაადგილებულ ვეფხია ფაცურიასაც 2018 წელს გადასცა, რომელიც მოგვიანებით, 2024 წელს, თავად ოჯახმა გაყიდა. სოციალურად დაუცველ მზევინარ აბაშვილს კი, უსახლკაროთა დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, დადებითი პასუხი აქვს 50 000-ლარიან დახმარებაზე.

რამდენიმესაათიანი მოლაპარაკებების შემდეგ, მოქალაქეთა ნაწილი შენობის მფლობელი კომპანიის - "ბლექ სი ფროფერთის" შეთავაზებას დათანხმდა, რომლის მიხედვითაც მოქალაქეები კომპანიისგან ერთჯერად კომპენსაციას მიიღებენ. მათ შორის, შეთავაზებას დათანხმდა ის პირიც, რომელიც ხიდან გადმოხტომით იმუქრებოდა.

შპს "ბლექ სი ფროფერთის" წარმომადგენლის განცხადებით, დღეს, მოლაპარაკებების საფუძველზე, 18 ოჯახს დაუკმაყოფილდა მოთხოვნა.

აღსრულების ბიურომ გამოსახლების პროცესი სამხარაულის ბიუროს დასკვნისა და სასამართლოს განჩინების საფუძველზე დაიწყო. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, დგინდება, რომ შენობა-ნაგებობა, დაზიანების კლასიფიკაციის მიხედვით, მეოთხე ხარისხისაა, არსებული სახით მისი ექსპლუატაცია დაუშვებელია და მხოლოდ დემონტაჟს ექვემდებარება. თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიამ, 2024 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით, დააკმაყოფილა "ბლექ სი ფროფერთის" ყველა სასარჩელო მოთხოვნა და დაადგინა შენობებში შეჭრილი პირების გამოსახლება და ქონების გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში კომპანიისთვის გადმოცემა.

სახელმწიფო პასუხისმგებლობას იძულებით გადაადგილებულ პირებზე იღებს. ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ შენობაში შეჭრილი 285 პირიდან დევნილის სტატუსი მხოლოდ 58-ს აქვს. მათგან, სხვადასხვა პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფოსგან უკვე დაკმაყოფილებულია 24, 29 მათგანს კი სახლის შესყიდვაზე განაცხადი შევსებული აქვს. მათგან 6-მა დადებითი პასუხი უკვე მიიღო, 5 პირს კი არცერთი პროგრამისთვის არ მიუმართავს.

თბილისის მერია პასუხისმგებლობას მხოლოდ იმ პირებზე იღებს, ვინც თბილისში არიან რეგისტრირებულები, ასეთი კი სულ 9 ოჯახია, რომელთაგან 2 უკვე სარგებლობს მუნიციპალიტეტის შეთავაზებით.

თვალჭრელიძის პირველ ნომერში მდებარე შენობა-ნაგებობები კომპანია შპს "ბლექ სი ფროფერთიმ" 2022 წელს საინვესტიციოდ შეიძინა და მულტიფუნქციური კომპლექსის აშენებას გეგმავდა, თუმცა 2023 წლიდან მეპატრონეს ხელი საკუთრების განკარგვასა და მართვაში თვითნებურად, უკანონოდ შესახლებულმა მოქალაქეებმა შეუშალეს. კომპანიამ შენობაში შეჭრილები ფართის დატოვებაზე წერილობით და სიტყვიერად არაერთხელ გააფრთხილა, თუმცა - უშედეგოდ. სწორედ ამიტომ, 2023 წლის 8 ნოემბერს, "ბლექ სი ფროფერთიმ" საკუთრებაში შეჭრილი პირების გამოსახლების თაობაზე სასამართლოს მიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×