
რუსეთის ქალაქ სარატოვში ათსართულიან კორპუსში გაზის აფეთქებასა და შემდგომ ჩამონგრევას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა.
დაღუპულთა შორის ერთი ბავშვია. დაშავებულია ათი ადამიანი.
აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
შემთხვევა ადგილობრივი დროით შუადღით მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქების შედეგად დაინგრა ან დაზიანდა 30-ზე მეტი ბინა. საგანგებო სამსახურებში აცხადებენ, რომ არსებობს კორპუსის დამატებით ჩამოშლის საფრთხე.
შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს. საგანგებო სიტუაციების მინისტრის, ალექსანდრ კურენკოვის განცხადებით, ნანგრევებში შესაძლოა, ადამიანები იყვნენ მოყოლილი. ადგილზე 20-ზე მეტი სპეციალისტი და კინოლოგები მუშაობენ. საგანგებო სამსახურების ცნობით, აფეთქების ეპიცენტრი მერვე სართულზე მდებარე ბინაში იყო.