
"ნაციონალური მოძრაობა" ერთ დროს კოლეგა ოპოზიციონერებს ახლა პოლიტიკურ დეზერტირებად აცხადებს. საქმე თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ხაზარაძის "ლელოს" და გახარიას გუნდის გადაწყვეტილებას ეხება. სააკაშვილის პარტიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციის ამ ნაწილმა საერთო სტრატეგიას უღალატა.
ბრალდებას ბრალდებითვე პასუხობენ "ლელოში". პარტიაში ამბობენ, რომ ბოიკოტში დარჩენილები პასიურ რეჟიმში გადავიდნენ და ბრძოლას უმოქმედობა ამჯობინეს. ვერც იმას მალავენ, რომ ოპოზიცია საერთო მიზნის მიღწევაში ერთიანი არ აღმოჩნდა.
ოპოზიციამ ერთმანეთს ამ პროცესშიც უღალატა - ასეთია "გირჩის" პოზიცია. თავად კი 4 ოქტომბრისთვის ემზადებიან და აპირებენ, რომ თვითმმართველობის არჩევნები საკუთარი პარტიის გასაძლიერებლად გამოიყენონ.
ოპოზიციის დაპირისპირება უცხო არ არის მმართველი გუნდისთვის. უმრავლესობა დარწმუნებულია, რომ მათი ოპონენტები გარე ინსტრუქციებით მოქმედებენ და ცდილობენ, დესტრუქცია, ქუჩის გარდა, თვითმმართველ ორგანოებშიც შეიტანონ.
საქართველოში, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 4 ოქტომბერს გაიმართება. მერს და საკრებულოს წევრებს 64 მუნიციპალიტეტში აირჩევენ.