
ხათუნა მიქაცაძე ექსპერტიზის ბიუროში გადაიყვანეს. ის ყოფილი ქმრის, ელდარ - ლუკა კურტანიძის მიმართ დაწყებული გამოძიების კვალიფიკაციის შეცვლას ითხოვს და კურტანიძის მხრიდან ძალადობის სხვა შემთხვევებზე საუბრობს.
"სახლი, რომელშიც მე მივედი გუშინ, არის ჩემი. არაერთხელ მაქვს დარეკილი პოლიციაში, რომ საკეტები გამიტეხა ელდარ კურტანიძემ და ფაქტი დაეფიქსირებინათ, რომ დამცავი ორდერი დაირღვა და ა.შ. იმიტომ რომ დროული რეაგირება ჩემი გადასახედიდან არ ყოფილა. დავრეკე 112-ში, მოვიდა საპატრულო ეკიპაჟი , ვუთხარი რომ მეშინია და გასული ვარ 500 მეტრის იქით, მობრძანდითო და მივედი. ამის შემდეგ რამდენიმე წუთში, ალბათ ვიღაცამ უთხრა, მაქვს ამისი კადრებიც გადაღებული, რომ ელდარ კურტანიძე ძალიან სწრაფად მოვარდა. მანიაკალურად მოძალადეა. მას შემდეგ, რაც დამარტყა და დავეცი, წიხლის დარტყმა სცადა იმიტომ, რომ მას ასე სჩვევია, ბოლომდე სანამ სისხლს არ დაინახავს ვერ მშვიდდება. სანამ გონებადაკარგულ ქალს არ დაინახავს, ვერ მშვიდდება.
საპატრულო ეკიპაჟმა მოკიდა ხელი და გაწია გვერდით და ამის შემდეგ, ის წიხლის დარტყმა, რომელიც მისი სურვილი იყო, რომ ბოლომდე მიეყვანა საქმე, გადავიდა ჩემს მანქანაზე და მანქანას ურტყა წიხლები.
ელდარ კურტანიძეს რომ ჰქონოდა ის განცდა, რომ დაისჯებოდა კანონის დარღვევისთვის, არ გააკეთებდა იმას, რაც ჩაიდინა. წლების განმავლობაში არც ერთხელ, ორჯერ არა, სამჯერ არა, ხუთჯერ არა, მეტჯერ ვიყავი მისგან ძალადობის მსხვერპლი, ამას ვერ ვამტკიცებდი. მე იმ წუთში ნამდვილად არ მქონდა იმის განცდა, რომ ელდარ კურტანიძე პოლიციის ეკიპაჟის თანდასწრებით მოინდომებდა ჩემს ცემას" - ამბობს ხათუნა მიქაცაძე.
ოცნების ყოფილი დეპუტატი ელდარ - ლუკა კურტანიძე გუშინ, 27 ივლისს, მას შემდეგ დააკავეს, რაც მისმა ყოფილმა ცოლმა, ხათუნა მიქაცაძემ ძალადობის კადრები გაავრცელა. კურტანიძე მიქაცაძეს ფიზიკურად ქობულეთში გაუსწორდა. ქალი ამბობს, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის და პოლიციისთვისაც არაერთხელ მიუმართავს. ოჯახში ძალადობისა და დამცავი ორდერით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ბრალდებით დააკავეს. მას 2 წლამდე პატიმრობა ემუქრება