
"თანაინვესტირების ფონდის" ყოფილი ხელმძღვანელის გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა 30 ივლისს, 12 საათზე ჩაინიშნა - ამის შესახებ ადვოკატმა დავით ჯანდიერმა გაავრცელა.
უფლებადამცველის თქმით, მას შემდეგ, რაც სააპელაციო სასამართლოში 24 ივლისს ჩანიშნული პროცესი "ტექნიკური მიზეზებით" გადაიდო, მას დღეს აცნობეს, რომ პროცესზე 2 დღეში უნდა გამოცხადდნენ.
რაც შეეხება 24 ივლისს ჩანიშბული სხდომის გადადებას, ადვოკატი ვარაუდობს, რომ "სხდომის გადადება უკავშირდებოდა გიორგი ბაჩიაშვილის ფიზიკურ მდგომარეობას, რომელიც თვალსაჩინო იქნებოდა დამსწრეებისთვის":
გიორგი ბაჩიაშვილის საქმის განხილვა კვლავ ხდება გაუმჭვირვალედ და უკიდურესად არასაიმედო პროცესუალურ გარემოში.
გასულ კვირის დასაწყისში თბილისის სააპელაციო სასამართლოდან დამიკავშირდნენ, როგორც გიორგი ბაჩიაშვილის ადვოკატს, და მაცნობეს, რომ მისი საქმის განხილვა ჩანიშნული იყო 24 ივლისს. მალევე, განმეორებით დამირეკეს და მითხრეს, რომ სხდომა "ტექნიკური მიზეზებით" გაურკვეველი ვადით გადაიდო.
როგორც ეს მედიით გაჟღერდა, დასაშვებია ვივარაუდოთ, რომ სხდომის გადადება უკავშირდებოდა მის ფიზიკურ მდგომარეობას, რომელიც თვალსაჩინო იქნებოდა დამსწრეებისთვის.
დღეს, 28 ივლისს, სასამართლოდან დამიკავშირდნენ და მაცნობეს, რომ სხდომა ჩანიშნულია ზეგ, 30 ივლისს, 12 საათზე. ამ ეტაპზე გიორგი გამოწერილი არ არის, თუმცა მისი დანახვა როგორც სჩანს, შესაძლებლად ჩაითვალა საზოგადოებისთვის.
მნიშვნელოვანია, რომ მე, როგორც მისი ადვოკატი, ამ დროისთვის არ ვიმყოფები საქართველოში (ვბრუნდებოდი 4 აგვისტოს) და ამის შესახებ ვაცნობე სასამართლოს სხდომის გადადებისთვის – თუმცა ეს ფაქტი არ იქნა გათვალისწინებული. ამის გამო, იძულებული ვარ, ფორსირებულ რეჟიმში, ვეძებო გზები საქართველოში ხვალ დასაბრუნებლად და ამის გამო, არ მექნება საკმარისი დრო და საშუალებები ჩემს კოლეგასთან ერთად შევხვდე გიორგის.
პროცესის ადმინისტრირება აჩვენებს, რომ დაცული არ არის მხარეთა ინტერესები და სხდომების დაგეგმვის წესი უკავშირდება არა საქმის სამართლიან განხილვასთან დაკავშირებულ სამართლებრივ სტანდარტებს, არამედ, როგორც ჩანს, გარე მიზანშეწონილობას"- წერს ჯანდიერი.
ცნობისთვის, გიორგი ბაჩიაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში ივნისის ბოლოს გაასაჩივრა.