
პოლიტიკური ჩვენების შესაცვლელად "ლელო-ძლიერ საქართველოს" რამდენიმე დღე დასჭირდა. "ლელო" დღეს პირველად ადასტურებს, რომ თბილისის მერად ალეკო ელისაშვილის კანდიდატურა პარტნიორ პარტიასთან აქტიურად განიხილება. "ძლიერი საქართველო" ამბობს უფრო მეტსაც, რომ ელისაშვილს თბილისში სოლიდური მხარდაჭერა აქვს და შესაძლოა ოპოზიციურ ველზე უალტერნატივო კანდიდატიც იყოს, რომელსაც "კურიერის" ინფორმაციით, ახალი პოლიტიკური ალიანსი 31 ივლისს წარადგენს.
ასეთი თამამი, "ლელო-ძლიერი საქართველო" 15 ივლისს არ ყოფილა. ეს მაშინ, როდესაც "კურიერმა," ალეკო ელისაშვილის მერობის კანდიდატად დასახელებაზე ინფორმაცია პირველად გაავრცელა. 2 კვირის წინ ხაზარაძე-ჯაფარიძის გუნდი კატეგორიულად უარყოფდა, რომ 2 ოპოზიციური პარტიის სახელით დედაქალაქში "მოქალაქეების" ლიდერი იბრძოლებდა.
გახარიას გუნდი, პარტნიორი "ლელოსგან" განსხვავებით, პოზიციას არ იცვლის. ექსპრემიერის პარტიაში ამბობენ, რომ კონსულტაციები საერთო კანდიდატზე ამ დრომდე მიმდინარეობს, თუმცა ალეკო ელისაშვილის პოლიტიკურ შესაძლებლობებსა და მისი მერობის კანდიდატად წარდგენაზე საუბარს ერიდებიან.
მთავარი ფიგურანტი დუმს და "კურიერის" ზარებს არ პასუხობს. ვიდრე ალეკო ელისაშვილი დაადასტურებს ან უარყოფს მის მეორედ მოსვლას მუნიციპალური არჩევნების მარათონზე, "ნაციონალური მოძრაობა" მას მარცხს უწინასწარმეტყველებს. ექსპრეზიდენტის პარტიაში კიდევ ერთხელ ამბობენ, რომ მათთვის ყველა მოღალატეა, ვინც თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობს.
სახელისუფლებო გუნდისთვის პოლიტიკური რეალობა არც ელისაშვილის დასახელების შემთხვევაში იცვლება. "ქართული ოცნება," რომელიც მორიგი გამარჯვებისთვის ემზადება, ხაზარაძე-ჯაფარიძის ალიანსში გადასულ ელისაშვილს, მერობის მარათონში მეორე ფიასკოს უწინასწარმეტყველებს.
თვითმმართველობის არჩევნებზე კანდიდატების წარდგენის საბოლოო ვადა 4 სექტემბერია. პოლიტიკურმა სუბიექტებმა სწორედ ამ დრომდე უნდა გადაწყვიტონ, ვისი გვარი დახვდება ამომრჩეველს საარჩევნო ბიულეტენზე.