
დედაქალაქის მოქმედი მერი საარჩევნო მარათონში ერთვება. "კურიერის" მიერ ექსკლუზიურად მოპოვებული ინფორმაცია სახელისუფლებო გუნდმა დღის ბოლოს დაადასტურა. კახა კალაძე მესამე გამარჯვებისთვის ემზადება. მოქმედი მერის თანაგუნდელები დარწმუნებულები არიან, რომ ის პირველივე ტურში დამაჯერებელ გამარჯვებას მოიპოვებს. ამის საფუძველს "ქართულ ოცნებას" მისი რეიტინგი და ის შედეგები აძლევს, რომელსაც კალაძის გუნდმა ბოლო 8 წლის განმავლობაში მიაღწია.
განახლებული ურბანული და სატრანსპორტო პოლიტიკა, ინფრასტრუქტურა, ჯანდაცვის და სოციალური პროგრამები მუნიციპალიტეტის მთავარი პრიორიტეტია. სახელისუფლებო გუნდი იმ პროექტებზე საუბრობს, რომელიც უკვე განხორციელებულია. მათ შორისაა განახლებული მუნიციპალური ავტოპარკი და 900-ზე მეტი ერთეული თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსი, რომელიც თბილისელებს ემსახურება.
"ქართულ ოცნებაში" აქცენტს იმ სოციალურ პროგრამებზეც აკეთებენ, რომლის შედეგადაც 3000-ზე მეტმა ოჯახმა, წლების განმავლობაში დაუმტკიცებელი საცხოვრებელი ფართი მიიღო. უკვე გადაჭრილია ათწლეულების განმავლობაში მოუგვარებელი პრობლემაც, რომელიც კოოპერატიული ბინათმშენებლობით დაზარალებულ პირებს ჰქონდათ. შედეგად 2500-ზე მეტმა ოჯახმა მერიის დახმარებით საკუთრების დამდასტურებელი დოკუმენტი უკვე ჩაიბარა.
ვინ გაუწევს კონკურენციას მოქმედ მერს ოთხი ოქტომბრის არჩევნებზე? ოპოზიციის ნაწილი, რომელიც საარჩევნო მარათონში ერთვება კანდიდატებზე ღიად ჯერ არ საუბრობს. აცხადებენ, რომ კახა კალაძის დამარცხებას შეეცდებიან.
2600-ზე მეტი პარკი დედაქალაქის მასშტაბით, 375 ჰექტარი რეკრეაციული სივრცე და თემქისხევის პარკი, რომელიც წლების განმავლობაში ნაგავსაყრელად გამოიყენებოდა. კახა კალაძის თანაგუნდელები იმ მიდგომებზე საუბრობენ, რომელიც გარემოს დაცვის კუთხით მუნიციპალიტეტს აქვს. აქცენტი კეთდება სოციალურ პროგრამებზეც, რომლის საშუალებითაც 19 000-ზე მეტ სოციალურად დაუცველ სტუდენტს სწავლა დაუფინანსდა. 5000-მდე მაგისტრანტი კი თბილისის მერიის სტიპენდიით სარგებლობს. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მომდევნო ოთხ წლიან გეგმა დედაქალაქს კიდევ უფრო მეტად განავითარებს.
კახა კალაძე 2017 წლიდან დღემდე თბილისელების მიერ არჩეული მერია. მისი მმართველობის დროს, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი სამჯერ გაიზარდა და 2 მილიარდ 350 000 ლარს შეადგენს. "ქართული ოცნება", კახი კალაძის კანდიდატურას, თვითმმართველობის არჩევნებზე საზოგადოებას ოფიციალურად ხვალ წარუდგენს.