რეზონანსი
31.07.2025

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით საინვესტიციო დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრის (ICSID) მიერ მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე ინვესტორი ბობ მეიერი და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ICSID-ის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება „გულდასაწყვეტია".

კერძოდ, ინვესტორი ბობ მეიერი აღნიშნავს, რომ ტრიბუნალმა მხოლოდ „ვიწრო საკითხი" განიხილა.

„ბობ მეიერმა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის (ADC) სამეთვალყურეო საბჭომ გაავრცელეს წინამდებარე განცხადება საქმეზე „ბობ მეიერი საქართველოს წინააღმდეგ" (ICSID-ის საქმე # ARB/20/28), საარბიტრაჟო ტრიბუნალის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების პასუხად. მეიერის სარჩელი საინვესტიციო დავების განხილვის საერთაშორისო ცენტრში (ICSID) შეტანილ იქნა საქართველოსა და ნიდერლანდების სამეფოს შორის დადებული, „ინვესტიციების წახალისებისა და ურთიერთდაცვის შესახებ" შეთანხმების (BIT) საფუძველზე.

მეიერის სარჩელი მიზნად ისახავდა ანაკლიის განვითარების კონსორციუმში (ADC) მისი ინვესტიციის ღირებულების ანაზღაურებას, საქართველოს მთავრობის მიერ 2020 წლის იანვარში ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის განვითარების მიზნით, ADC-სთან დადებული ინვესტიციის ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ.

2025 წლის 30 ივლისს, ICSID-ის საარბიტრაჟო ტრიბუნალმა გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც მაიერის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილების და საარბიტრაჟო პროცედურების კონკრეტული დეტალები კონფიდენციალურია.

„ICSID-ის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება გულდასაწყვეტია, თუმცა მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ, რომ ტრიბუნალმა განიხილა მხოლოდ ვიწრო საკითხი: იყო თუ არა საქართველოს მთავრობა, საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის დადებული ინვესტიციების დაცვის ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში, უფლებამოსილი, შეეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება. მე გადავწყვიტე განმეხორციელებინა ინვესტიცია ADC-ში და ანაკლიის პორტის პროექტში, რადგან ვხედავდი საქართველოს უზარმაზარ პოტენციალს, გამხდარიყო რეგიონული ეკონომიკისა და გლობალური ვაჭრობის წამყვანი ცენტრი.

ასევე, ყოველთვის მქონდა აბსოლუტური ნდობა ჩემი პარტნიორების - ADC-ის ინვესტორების პატიოსნებისა და ხედვის მიმართ, და გვჯეროდა ჩვენი საერთო უნარის, განგვევითარებინა ეს პორტის პროექტი - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი საქართველოს მთავრობა სათანადო როლს ითამაშებდა მისი განვითარების ხელშეწყობაში",- ნათქვამია ბობ მეიერის განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×