
ოპოზიციაში დაპირისპირების და უთანხმოების კიდევ ერთი მიზეზი ლევან ხაბეიშვილის განცხადებაა.
ხაბეიშვილმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოსა და სტატუსებში დაწერა, რომ 4 ოქტომბერი ბუნებრივი "დედლაინია" და უნდა იყოს მძლავრი და ორგანიზებული პროტესტი. ხაბეიშვილმა ახსენა სიტყვა - დამხობაც.
მისი პარტიის თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ რევოლუციის თარიღი წინასწარ არ ანონსდება და საზოგადოების მოლოდინების არასწორი მართვა უპასუხისმგებლო და გაუმართლებელი ქმედებაა.
ხაბეიშვილის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა ელენე ხოშტარიაც. "ყველა, ვინც აცხადებს წინასწარ ამ დროს იქნება რევოლუციაო, არის უბრალოდ კომიკური მატყუარა ან სასარგებლო იდიოტი" - წერს ხოშტარია.
პარალელურად კი, მსოფლიო ბანმა, საქველმოქმედო ფონდ "იავნანას" დამფუძნებელმა, პაატა ბურჭულაძემ მოქალაქეებს 4 ოქტომბერს პარლამენტის წინ შეკრებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ეს იქნება ეროვნული კრება.
"ოთხ ოქტომბერს, დღის 4 საათზე ვიკრიბებით რესპუბლიკის მოედანზე, ვატარებთ ეროვნულ კრებას, ვიბრუნებთ რეჟიმის მიერ მიტაცებულ ქვეყანას და ხმას ვაძლევთ საქართველოს განთავისუფლებას. მოემზადე საქართველო, ბრძოლა ბოლომდე", - განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.
პარტია "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, გიორგი შარაშიძე, კოლეგებს განცხადებებსა და რევოლუციური სცენარის დაგეგმვას უწუნებს
"არც წინასწარ დაანონსებულ რევოლუციას აქვს პერსპექტივა და არც სპონტანურს. ჩვენ რევოლუციის წინააღმდეგი ვართ 4 ოქტომბერსაც და 5 ოქტომბერსაც. დიდი ბოდიში , მაგრამ კეთილი ინებონ ოპოზიციურმა პარტიებმა და თუ ისინი თვლიან, რომ არ არიან სასარგებლო იდიოტის როლში, ცოტა გონს მოუხმონ. თუ ისინი მართლა აპირებენ ოცნებასთან რეალურ ბრძოლას და არა მხოლოდ რევოლუციების დაანონსებას სხვადასხვა თარიღებში, მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.